კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელი - ქვეყანა ახალი შეზღუდვების მოლოდინშია
კორონავირუსის შემთხვევები საგანგაშოდ გაიზარდა და დადებითობის დღიურმა 10%-ს გადააჭარბა. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს. ქვეყანა ახალი შეზღუდვების მოლოდინშია. იმუნიზაციის საბჭოს წევრები წერტილოვან შეზღუდვებს არ გამორიცხავენ. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ იმ დროს როცა ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია, ქვეყანაში სრული "ლოქდაუნი" არ უნდა გამოცხადდეს.
"საგანგაშოდ დაბალი რჩება და ყოველდღიურად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა. რომლებიც მიმართავენ იმუნიზაციის ცენტრებს, ასე რომ იმედი იმის, რომ ჩვენ ვაქცინაციის მაჩვენებლით მოვახერხებთ რაღაცის კონპესირებას, არ გვაქვს.
გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედებას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს, მაგრამ ეს არ იქნება მასობრივი შეზღუდვები, რადგან შარშან როცა ეს მექანიზმი ავამოქმედეთ, მაშინ ქვეყანას სხვა დაცვის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ახლა საქართველოში არჩევანი გვაქვს ვაქცინაცია, ამიტომ შეზღუდვების ამოქმედებაზე უფრო სწორი ნაბიჯი იქნება ამ ორი მექანიზმის ჩართვა", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.