"ძალიან მძიმე ზამთარი გველის, მაგრამ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი" - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია და ამას დღევანდელი სტატისტიკაც ცხადყოფს.
მისივე განმარტებით, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ერთადერთ გამოსავლად ჩხაიძე კონკრეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციას მიიჩნევს.
„სექტემბრის მეორე ნახევრისა და მთელი ოქტომბრის განმავლობაში ყოველდღიურად მცირდება აცრილთა დღიური რაოდენობა. შესაბამისად, ეს რესურსი ქვეყანას არ გააჩნია. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვა როგორც ხორციელდება, ადვილი სანახავია - ნახეთ, რამდენი ადამიანი ატარებს პირბადეს და იცავს სოციალურ დისტანციას - ესეც ფუჭი იმედია. გვრჩება ერთადერთი გამოსავალი - გავიზიაროთ მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომლებმაც ასეთ ვითარებაში შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს ან აამოქმედეს „მწვანე კოვიდპასპორტები“. წინ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. ველოდებით სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატებას, გრიპის გამოჩენას. ასე რომ, მომდევნო თვეებში მდგომარეობა თავისით ვერ გაუმჯობესდება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.