"ცალკეული ჯგუფების აცრა უნდა იყოს სავალდებულო" - თენგიზ ცერცვაძე
სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციონისტებს შორის კვლავ აზრთა სხვადაასხვაობაა. საკითხი შესაძლოა, სამინისტროსა და ექიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო უნდა იყოს.
"კოვიდპასპორტების შემოღება მიმაჩნია აუცილებლად და ცალკეული ჯგუფების აცრა მიმაჩნია სავალდებულოდ - პედაგოგები, ექიმები, ძალოვნები თუ ორსულები თუ სხვა.
როგორც მინიმუმ უნდა შემოღებულ იქნეს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეულ ჯგუფებში და პირდაპირ მივუთითებ ხელისუფლებას, რომ პლიუს გამკაცრდეს არსებული რეგულაციის აღსრულებაზე კონტროლი", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს არ ემხრობა. ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში მკვეთრად დაეცა. 2 ნოემბერს მხოლოდ 3 868 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %.