თეგებით ძიება
07. 11. 2021 COVID - 19

წყვილი შვილს 3 წლის განმავლობაში ელოდა - კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა, ექიმებმა ნაყოფიც ვერ გადაარჩინეს

დედოფლისწყაროში, ახალი კორონავირუსით 36 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.

"36 წლის ქალი, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. ის თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ექიმებმა ვერც შვიდი თვის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ეს მისთვის პირველი ორსულობა იყო, წყვილი შვილს სამი წლის განმავლობაში ელოდა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლებმა "დედოფლისწყაროს ტელევიზიას" განუცხადეს, დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში მცხოვრები ეკა ლიქოკელი ფოთში იყო გათხოვილი და კორონავირუსით დაახლოებით ორი კვირის წინ სწორედ ფოთში დაინფიცირდა. დაინფიცირების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ორსული პაციენტი სამკურნალოდ 21 ოქტომბერს ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი დედაქალაქში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ბიჭს ელოდებოდა, მაგრამ კორონავირუსმა არ აცადა ბედნიერება. ჯერ მკვდარი ნაყოფი გაჩნდა და შემდეგ ისიც დაიღუპა. საშინელება დაგვატყდა თავს,“ - ამბობს მისი მეჯვარე.

„ექვსი თვის ორსულს გინეკოლოგმა უთხრა, შენი გადასაწყვეტია კორონავირუსის ვაქცინით აიცრები თუ არაო. არ აუხსნიათ, რომ ორსულისთვის გადამწყვეტია ვაქცინაცია. აღარ აიცრა... დაღუპეს ოჯახი. წინა წლებშიც ჰქონდა შეწყვეტილი ორსულობები და დიდი სიხარულით ელოდნენ მშობიარობას,“ - აღნიშნავენ დაღუპულის ახლობლები.

როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ამ დროისთვის დედოფლისწყაროში კორონავირუსის გართულებით 54 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთაგან სრულად ვაქცინირებული არცერთი მათგანი არ იყო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 67 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა