თეგებით ძიება
22. 11. 2021 COVID - 19

მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის გამო ბიზნესს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს

1-ელი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება - ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ, განაცხადა.

„დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება.

შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ელი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.

შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, რაც ხელმისაწვდომი იქნება კოვიდზე ვაქცინირებული, ტესტირებული და ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა