თეგებით ძიება

თბილისის მოსახლეობის ნაწილი დეკემბერში ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებს - იხილეთ განმარტება

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში ქ. თბილისში "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის" (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს. ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქ. თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბერის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით.

მომხმარებელთა ნაწილი მეორე ქვითარს მიიღებს დეკემბრის ბოლოს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დეკემბერის მეორე ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში.

პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, ასევე პირები, რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, სარგებლობენ სოციალური პაკეტით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, ისარგებლებენ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით. ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

"თელმიკოს" მიერ დარიცხვები განხორციელებული იქნება "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" (თბილისის არეალი) მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენებების შესაბამისად.

სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 30 დღეზე ნაკლებ პერიოდში მრიცხველის წაკითხვის შემთხვევაში, დარიცხვა უნდა განხორციელდეს მრიცხველიდან აღებული ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად და არა პირობითი დარიცხვით (საშუალოდ ყოველდღიურად მოხმარებული ენერგიის 30-ზე გამრავლების შედეგად იმის დაშვებით, რომ აბონენტი ყოველდღიურად, საშუალოდ, ერთსა და იმავე ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს). ასევე, დაუშვებელია ნოემბრისა და დეკემბრის მოხმარების ერთიანად დაანგარიშება, 30 დღეზე მეტ პერიოდზე, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელზე შემდგომი საფეხურის ტარიფით საფასურის დარიცხვა.

მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, სიახლის შესახებ ნებისმიერი კითხვის შეთხვევაში, ასევე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მომართონ სემეკს, ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა