ადამიანებს ორი გამოსავალი რჩებათ - ან ნაკლები ჭამონ, ან უხარისხო - დავით ჭიჭინაძე
"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ეხმაურება.
მისი თქმით, ისედაც გაღარიბებულ ადამიანებს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებენ, მთავრობა კი პრობლემის მოგვარების ნაცვლად ისევ სააკაშვილს ებრძვის.
"ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანები თვიდან თვემდე ბანკების არაადეკვატური პროცენტების გადახდას ისედაც ვერ აუდიან, როდესაც ელემენტარული საკვების და წამლების ყიდვას ძლივს ახერხებენ, „ოცნების“ ხელისუფლებამ მორიგი მამაძაღლური სქემა შემოაგდო.
ვითომ ხელფასების მომატება გამოაცხადეს და გზაშივე დააწიეს მომატებული საპროცენტო განაკვეთი. ანუ, ამ ვითომ მომატებულ ფულს, ისევ ბანკების მეშვეობით ამოიღებენ.
გამოდის, მდიდრები ისევ განაგრძობენ გამდიდრებას, რიგით ადამიანებს კი, ორი გამოსავალი რჩებათ, ამ კატასტროფულად გაძვირებულ ცხოვრებაში ან ნაკლები ჭამონ, ან უხარისხო...
მოკლედ, უპასუხისმგებლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც აცხადებს, რომ ინფლაცია თურმე ოდესმე თავისით გაჩერდება!
სამარცხვინოა კობა გვენეტაძის განცხადებები, მით უმეტეს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, პაუელის განცხადების ერთი კვირის თავზე!
მაშინ, როდესაც იმ მთავარი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც მთელ მსოფლიოს ფულით ამარაგებს, გვეუბნება, რომ 2022 წელს ინფლაცია კი არ გაჩერდება, პირიქით გაიზრდება, რადგან საკმაოდ დიდი დისპროპორციაა შემოსავლებს და გასავლებს შორის; რომ ყველაფერი გაძვირდება, რადგან დოლარშია კატასტროფული ინფლაცია. ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვიცხადებს, რომ ინფლაცია ოდესმე გაჩერდება და თან თავისითო...
თუ პაუელის განცხადებას არ გაცნობია გვენეტაძე, მარტო მოხსნა არაა მისთვის საკმარისი!
ხოლო თუ თავისით უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ეროვნული ბანკი?!
ან ეს მთავრობა, რომელიც იმის მაგივრად, რომ ქვეყნის გადარჩენის გეგმაზე მუშაობდეს, ისევ სააკაშვილს ებრძვის", - განაცხადა ჭიჭინაძემ.