იპოთეკურ სესხებზე პირობები იცვლება - რა აკრძალვა დააწესა ეროვნულმა ბანკმა
დოლარში ან ევროში იპოთეკური სესხის აღება 2022 წლიდან მაქსიმუმ 10 წლის ვადით იქნება შესაძლებელი.
თუ დოლარში ან ევროში გსურთ იპოთეკური სესხის აღება, გაითვალისწინეთ, რომ 2022 წლიდან ამას მაქსიმუმ 10 წლის ვადით შეძლებთ. 15 წლიანი სავალუტო სესხები ეროვნულმა ბანკმა აკრძალა, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვით და ლარიზაციის წახალისებით ახსნა.
ამ გადაწყვეტილებას რეაქცია უკვე მოჰყვა, სამშენებლო ბაზრის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ვადების შეზღუდვა იპოთეკური სესხებს მოცულობას შეამცირებს. იპოთეკური კლება კი მშენებლებისთვის ავტომატურად ნიშნავს უძრავი ბაზრის შემცირებას.
დღეს სურათი ასეთია, ლართან შედარებით დოლარში გაცემული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ორჯერ დაბალია, ევროში კი თითქმის სამჯერ მცირე. ამასთან, 200 000 ლარზე ნაკლები სესხი ლარში გაიცემა.
პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა ლარში გაცემული სესხებიც გააძვირა - 0,5%-ით. უწყების არგუმენტი კი ინფლაციის გაზრდილი ფასების შეკავებაა.
რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-მდე გაიზარდა, რამაც სესხი თითქმის 170 000-მდე მომხმარებელს გაუძვირა. ვის რამდენით გაუძვირდა სესხის პროცენტი - ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა მოცულობის და რა ვადიანი სესხი გაქვთ.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ბანკების ასოციაციამ მიიღო, მნიშვნელოვანია ლარიზაციის წახალისებისთვის.
"სამივე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო 8 დეკემბერს მნიშვნელოვანია და ურთიერთდაკავშირებულია. უკანასკნელ პერიოდში უცხოურ ვალუტაში გაცემების ზრდამ გამოიწვია ის გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა 15 წლიანი იპოთეკური სესხების ვადის შემცირებას, მაქსიმალურ 10 წლამდე და ასევე სავალუტო საკრედიტო ბუფერის ზრდის მოთხოვნამ. როგორც იცით სადეპოზიტო მიმართულებით ბუფერები და რეზერვების თვალსაზრისით უფრო გამოთავისუფლების მხარეს იყო გადადგმული ნაბიჯი, რადგან მოთხოვნა იყო 70%-თან ახლოს ყოფილიყო დოლარიზაციის მაჩვენებელი, საკრედიტო პორთველზე კი ეს ნიშნული 40%-იანია და უმრავლეს შემთხვევაში ბანკების დიდი ნაწილისთვის აღნიშნული ნიშნავს დამატებითი ბუფერის შექმნას.
არის კონკრეტული ბანკები, რომლისთვისაც 40%-მდე შემცირდება აღნიშნული ბუფერი, მაგრამ რიგი ბანკებისთვის ეს იქნება 100%-თან ახლოს. 10 წლამდე შემცირებამ შეამცირა რეალურად იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც შეძლებს უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხის აღებას,"- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, სოსო გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული ინსტრუმენტი ლარიზაციას წაახალისებს და დროთა განმავლობაში, ლარიზაციის ზრდასთან ერთად, კაპიტალის ბუფერის მოთხოვნა შერბილდება, თუმცა, ასევე შემცირდება გაცვლითი კურსიდან მომდინარე სისტემური რისკი.
წყარო: რუსთავი 2