თეგებით ძიება

რა შემთხვევაში გაიზრდება პურის ფასი?

პურის მცხობელთა ასოციაციის ინფორმაციით, პურზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. მალხაზ დოლიძის მტკიცებით, ვიდრე ფქვილის იმპორტზე საბაჟო გადასახადი არ არსებობს და მისი იმპორტი ქვეყანაში პრობლემების გარეშე ხორციელდება პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.

„ფქვილის იმპორტი ქვეყანაში ხუთ-ექვსჯერ გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ, როგორც ხარისხში, ასევე ფასში განსხვავებით, იმ პერიოდისგან, როცა ბაზარზე ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების წარმოებული პროდუქტები იყო ხელმისაწვდომი. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ფქვილის იმპორტი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შემოდის ფქვილი, არის არჩევანი და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით პური არ გაძვირდება“, – მალხაზ დოლიძე პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

თავის მხრივ, ფქვილის იმპორტის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში. ლევან სილაგავას განმარტებით, ნოემბრის თვეში ქვეყანამ 40%-ით ნაკლები ხორბალი შეიძინა და ეს უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია. ლევან სილაგავას განმარტებით ქვეყანაში ფქვილის იმპორტი რეკორდულად იზრდება და ეს სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

„წინა თვეში შემოსულია სულ 35 000 ტონა ხორბალი ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დაბალია. აქედან გამომდინარე შედეგი არის ის რომ წისქვილკომბინატების ნაწილმა უკვე შეაჩერა მუშაობა. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა სხვებსაც მოუწევთ გაჩერება და სასურსათო უსაფრთხოების გარდა პრობლემები ამ წისქვილკომბინატში დასაქმებულებსაც შეექმნებათ“,- აცხადებს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის ხორბლის იმპორტის შემცირება გამოწვეულია რუსეთის მხრიდან ხორბალზე საბაჟო გადასახადის შემოღებით. მხოლოდ გასულ კვირას რუსეთმა 80$-იანი საბაჟო გადასახადი ხორბალზე 10 დოლარით 90 დოლარამდე გაზარდა რამაც პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.

რაც შეეხება ფქვილს, დღეს ბაზარზე საქართველოში წარმოებული პირველი ხარისხის ფქვილი ერთი ტომარა 70-72 ლარი ღირს, მაშინ როდესაც იმპორტირებული ფქვილის ფასი 67-69 ლარია.

წყარო - 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა