ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 22.0 პროცენტით გაიზარდა - ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 650.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22.0%-ით, ანუ 37.4 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა. გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა – 34.40 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა იტალია 32.06 მლნ აშშ დოლარით, მესამე ადგილზე აშშ – 23.98 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 18.95 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 16.97 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, 2021 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 99.7 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45.3%-ით მეტია“, – აცხადებენ ეროვნული ბანკში.