შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ - კალაძე 250-ლარიან აბონემენტზე
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გადახდის ახალი სისტემის მიუხედავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ ძვირდება.
"არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე", - განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.
ჟურნალისტის ნათქვამზე, 250 ლარის ერთად გადახდა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია, კალაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ბანკებთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება.
"შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონრები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.