"მითხრა, რომ მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა " - რას ჰყვებიან მოკლული ფეხმძიმე გოგოს მეგობარი და მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?
24 დეკემბერს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის გოგა გზირიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 22 წლის ფეხმძიმე მეუღლის ქეთა კეპულაძის მკვლელობისთვის მას უვადო პატიმრობა ელის. როგორც მისი ადვოკატი გვეუბნება, გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს და გირაოს უფლების გამოყენებაზე უარს აცხადებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, ბრალდებულმა მეუღლეს სამზარეულოს დანით განზრახ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მკვლელმა დანაშაულის შემდეგ, თავად დარეკა 112-ში. სახლში მისულ ძალოვნებს უმძიმესი სურათი დახვდათ - გარდაცვლილს ოცდაათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ქეთა კეპულაძე დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ქეთა კეპულაძის მეგობარი, ნინი ფხაკაძე გვიყვება, ქეთა მის პრობლემებზე მეგობრებთან არასდროს საუბრობდა, თუმცა ახლობლებისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ წყვილი დაშორებას აპირებდა და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გახდა იმ კონფლიქტის მოტივი, რომელიც მკვლელობას უძღოდა წინ.
"ქეთა თავის პრობლემებზე ღიად არავისთან საუბრობდა. ვიცოდი, რომ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე წამოსულა ოჯახიდან, ცოლ-ქმარს უკამათია და დაახლოებით 4 დღის განმავლობაში ქეთა დეიდასთან იმყოფებოდა. ამის შემდეგ ისინი შერიგდნენ და ქეთაც დაბრუნდა ოჯახში. მერე ისე გადაწყდა, რომ ცოლ-ქმარი უნდა დაშორებულიყო, ქეთა ქმრის სახლიდან წამოსვლას აპირებდა და არაა გამორიცხული, იმ დღეს ამ თემაზე შეკამათდნენ. ბოლო ხანს, გოგა ძალიან არეული და არაადეკვატური ყოფილა, ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს სვამდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ გოგა თამაშობდა. ქეთას ბავშვობიდან ვიცნობ და უაღესად კარგი ადამიანი იყო, უკეთილშობილესი“.
გიორგი გზირიშვილის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა მკვლელობის მოტივს არ გვიმხელს და ამბობს, რომ ბრალდებული ამაზე დეტალურად თავად განაცხადებს სასამართლო პროცესზე. ადვოკატი ორჯერ შეხვდა ბრალდებულს და მისი თქმით, გარდაცვლილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიყვანა გზირიშვილი წყობიდან:
"მითხრა, რომ მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა და დანარჩენს, მათ შორის მოტივსაც ის სასამართლოზე იტყვის. არ ვიცი, არ მაქვს მის ნასამართლეობაზე ინფორმაცია, არავითარი განაჩენი არ დევს მის ნასამართლობასთან დაკავშირებით, ასე რომ, დოკუმენტის გარეშე ამის შესახებ ვერ გიპასუხებთ. გზირიშვილი აღრიცხვაზე იდგა, სტაციონარში არ წოლილა, მხოლოდ ექიმისგან დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული წამლები. ორშაბათიდან მას, მაღალი ალბათობით, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დაუნიშნავენ. ბრალდებულს ჩემთან ამაზე დეტალურად არ უსაუბრია, არც მისი დიაგნოზი ვიცი და არც წამლების დასახელება. როცა ვნახე, ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, მომხდარს განიცდიდა და როდესაც სიტუაცია შევაფასე, არ ჩავთვალე საჭიროდ, კითხვებით დამეტვირთა. გოგას ჩემთვის არ უთქვამს, გაყრას თუ აპირებდნენ და ახლობლების ნათქვამზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ჩვენ აღმკვეთ ღონისძიებას პატიმრობაზე დავეთანხმებით, ის ამბობს, რომ იმსახურებს პატიმრობას. როცა მასთან შევედი, ძალიან დათრგუნული იყო, ეტყობოდა, რომ ვერ იყო კარგად. დანარჩენს სასამართლოზე მოგახსენებთო, ასე ბრძანა და ვნახოთ“.