პოლიციამ 9 პირი დააკავა - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 9 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული დ.ბ.,1979 წელს დაბადებული გ.ო,1963 წელს დაბადებული ზ.ს., 1985 წელს დაბადებული ბ.თ., 1983 წელს დაბადებული ი.ს., 1984 წელს დაბადებული რ.გ., 1957 წელს დაბადებული ო.დ., 1995 წელს დაბადებული ი.მ. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ბ. -ს პირადი ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო გ.ო.-ს ბინის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ვაზნა ამოიღეს.
ზ.ს., ბ.თ. და ი.ს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს.-მ „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები უკანონოდ გაასაღა ნაცნობებზე - ი.ს.-სა და ბ.თ. -ზე. სამართალდამცველებმა ბ.თ. და ი.ს. თბილისში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღო.
„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველო თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებულის ო.დ.- ს საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის იარაღები და 42 ვაზნა ამოიღეს, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „VOLTRAN BLOW Magnum Mod.2000“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თერჯოლაში, ბრალდებული ი.მ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ი.მ.- ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად კი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი გლუვლულიანი თოფი და 6 ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღები ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.