7 მილიონ ლარს ვუხდით 9 სამინისტროს 26 768 თანამშრომელს უქმე დღეებში - ფლანგვის დეტექტორი
9 სამინისტროს 26 768 თანამშრომელს, 1-დან 10 იანვრამდე უქმე დღეებში, ხელფასის სახით დაახლოებით 7 მილიონ ლარს ვუხდით 9 - ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
"22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდეს. მათი განმარტებით, უქმე დღეები საჯარო დაწესებულებებს შეეხება, ხოლო კერძო კომპანიებს გადაწყვეტილება თავად შეუძლიათ მიიღონ.
პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე დასვენების დღეების - შაბათების, კვირებისა და 7 იანვრის (შობა) გამოკლებით ოთხი სამუშაო დღე რჩება: 3 იანვარი, 4 იანვარი, 5 იანვარი და 6 იანვარი.
ჩვენ გადავწყვიტეთ დავთვალოთ, დაახლოებით რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს სამინისტროებში დასაქმებული ადამიანების შენახვა უქმედ გამოცხადებული სამუშაო დღეები დროს.
ქვეყნის ცხრა უწყებაში - ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჯამში 26,768 ადამიანია დასაქმებულები.
გამოვიდა, რომ ცხრავე სამინისტრო თანამშრომლები უქმე დღედ გამოცხადებული ოთხი დღის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 7,143,844 ლარს იღებენ.
ფინანსთა სამინისტროში 2022 წლისთვის შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 105,404,800 მილიონი ლარი არის გათვლილი, დასაქმებულთა რაოდენობა კი - 5,168 ადამიანია. გამოდის, რომ თითოეული დასაქმებული დღეში საშუალოდ 84 ლარს იღებს, რაც უქმედ გამოცხადებულ ოთხ სამუშაო დღეზე ერთი ადამიანის შემთხვევაში 328 ლარი გამოდის, სრულად დასაქმებულების კი 1,695,104 მილიონი ლარი.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 82 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 328 ლარი
5,168 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 1,695,104 ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე 2022 წლისთვის შრომის ანაზღაურებაზე გათვლილია 14,626,900 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 524 ადამიანი იქნება. გამოდის, რომ ერთი თანამშრომელის შემთხვევაში ერთი სამუშაო დღე საშუალოდ 112 ლარი ჯდება, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ - 448 ლარი, ჯამურად თანამშრომლების შემთხვევაში კი - 234,752 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 112 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 448 ლარი
524 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 234,752 ლარი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში, 2022 წელს შრომის ანაზღაურება 318 დასაქმებულზე - 11,605,000 მილიონი ლარი იქნება. Საშუალოდ დათვლით ერთი სამუშაო დღე ერთი თანამშრომლისთვის 147 ლარი ჯდება, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღე კი - 588 ლარი, ჯამურად კი თანამშრომლების რაოდენობაზე - 186,984 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 147 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 588 ლარი
318 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 186,984 ლარი
იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით შრომის ანაზღაურებისთვის 96,191,400 ლარი აქვს გამოყოფილი, თანამშრომელთა რაოდენობა კი - 5,019 ადამიანზე აქვს გათვლილი. გამოდის, რომ უწყებაში ერთი თანამშრომლის დღიური ხელფასი საშუალოდ 77 ლარია, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღის შემთხვევაში საშუალოდ - 308 ლარი, ხოლო ჯამურად ყველა თანამშრომელზე ეს თანხა საშუალოდ - 1,545,852 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 77 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 308 ლარი
5,019 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 1,545,852 ლარი
რაც შეეხება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, 2022 წელს უწყებაში შრომის ანაზღაურებაზე 72,987,800 ლარია გათვლილი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობად 6,901 ადამიანია განსაზღვრული. Საშუალოდ დათვლით გამოდის, რომ ერთ თანამშრომელზე ერთი სამუშაო დღე 42 ლარი ჯდება, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღე 168 ლარი, ხოლო ჯამში თანამშრომლებზე - 1,159,368 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 42 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 168 ლარი
6,901 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 1,159,368 ლარი
2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს 2,877 დასაქმებულზე შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 49,464,800 ლარი გამოეყო. გამოდის, რომ ერთი თანამშრომელი დღიურად საშუალოდ 69 ლარს იღებს, რაც უქმედ გამოცხადებულ ოთხ დღეზე 276 ლარი გამოდის, ხოლოდ ჯამში თანამშრომლების შემთხვევაში თანხა 794,052 ლარს შეადგენს.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 69 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 276 ლარი
2,877 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 794,052 ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წელს 784 თანამშრომელი ეყოლება და მათ ხელფასებზე 12,062,600 ლარს დახარჯავს. Საშუალოდ დათვლით გამოდის, რომ ერთ თანამშრომელზე დღიურად 62 ლარი იხარჯება, რაც უქმედ გამოცხადებულ ოთხ სამუშაო დღეზე 248 ლარია, ხოლო ჯამურად დასაქმებულების შემთხვევაში თანხა - 185,504 ლარია.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 62 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 248 ლარი
784 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 185,504 ლარი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში, უწყებას 2022 წელს 3,657 თანამშრომელი ეყოლება და მათ ჯამში 55,872,400 მილიონ ლარს გადაუხდის. ამ მონაცემებიდამ გამომდინარე, სამინისტროს ერთი თანამშრომელი დღიურად საშუალოდ 61 ლარს იღებს, რაც უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღის შემთხვევაში, ასევე ერთ თანამშრომელზე, საშუალოდ 244 ლარი გამოდის, სრულად დასაქმებულების შემთხვევაში კი - 892,308 ლარი.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 61 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 244 ლარი
3,657 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 892,308 ლარი
განათლების სამინისტროს 2022 წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 28,012,900 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, თანაშრომლების რაოდენობად კი 1,520 ადამიანი აქვს განსაზღვრული. ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე საშუალოდ 74 ლარი გამოდის, უქმედ გამოცხადებულ ოთხ სამუშაო დღეზე კი - 296 ლარი. გამოდის, რომ ჯამში თანამშრომლები უქმეებზე 449,920 ლარს მიიღებენ.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 74 ლარი
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 296 ლარი
1,520 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 449,920 ლარი", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.