სენაკის მერი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მდინარეში მანქანით გადავარდა
სენაკის მოქმედი მერი, ვახტანგ გადელია რამდენიმე დღის წინ, სენაკის საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, თოვლის მოსვლას აღნიშნავდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამდებობის პირები სახელმწიფოს კუთვნილი "პრადოს ჯიპით" "დრიფტაობისას" მდინარეში გადაცვივდნენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
არხის ცნობით, მანქანა მდინარე ტეხურადან ამოიტანეს, თუმცა ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
თავად სენაკის მერი მომხდარს უარყოფს.
ტელეკომპანიის ინფორმაცით, ვიზუალურად მანქანა თითქმის უკვე შეკეთებულია, თუმცა თოვლიანი საღამოს კვალი ავტომობილის სალონს ახლაც ეტყობა.
ავტოსაგზაო შემთხვევაზე არ საუბრობს არც სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით მოსეირნე მეორე ფიგურანტი საბა ოდიშარია.
არსებული ცნობით, შემთხვევისას საჭესთან სენაკის სუს-ის უფროსი ვახტანგ ჭანტურია იჯდა. მანქანის ამოთრევაში პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ, თუმცა მათ არც მძღოლის სიფხიზლე გადაუმოწმებიათ და არც საქმე აღუძრავთ.
უცნობია ვინ და რა ფორმით გადაიხადა სახელმწიფო კუთვნილი ავტომობილის შეკეთების თანხა.