(სტატია შესწორებულია) "სულაჟერი" ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და არა კოვიდსაწინააღმდეგო წამალი, როგორც ეს თავდაპირველად გავრცელდა
ქართველი ექიმი, ალექსანდრე თავართქილაძე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში იყენებს „სულაჟერს“, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ კვებით დანამატს და მისი გამოყენება რეკომენდებულია: ანტიპროლიფერაციული და პროაპოპტოზური საშუალების სახით; ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომპლექსური გამოყენებისათვის მათი ტოქსიკური გვერდითი მოვლენების შესამცირებლად; ინფექციური დაავადებების დროს სტანდარტული თერაპიის პარალელურად და შემდგომ; რეკონვალესცენციის პერიოდში; ღვიძლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად მისი დაზიანების შემთხვევაში (ვირუსული, მედიკამენტოზური, ალკოჰოლური); სისხლის არტერიული წნევის რეგულაციისათვის; ნახშირწყლოვანი ცვლისა და სისხლის ლიპიდური სპექტრის გასაუმჯობესებლად; ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად; იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე სპეციფიკური; ინფექციების (მაგ; ტუბერკულოზური ინფექცია, ქრონიკული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები) დროს. თავდაპირველად ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "ქართველმა ექიმმა შექმნა წამალი, სახელად "სულაჟერი”, რომელმაც უკვე საოცარი შედეგი აჩვენა", რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
სტატიაში გამოყენებული იყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ალექსანდრე თავართქილაძე, მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი! კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი "სულაჟერი” (კაფსულები და პერორალური ამპულები). შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.85). ამ ეტაპზე გაყიდვაში არაა.
დღეის მდგომარეობით, ე.წ. "მიხაილოვის” კლინიკაში "სულაჟერით” მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.
პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენს:
1. სატურაცია>90% ატმოსფერულ ჰაერზე.
2. ასაკი 18 წლიდან ზემოთ.
3. კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღე.
4. გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც ,,სულაჟერის” მკურნალობაში ჩაერთვნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ.
თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაეწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წელია.
არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და, მით უმეტეს, სიკვდილი.
1. მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა.
შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33’. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს მკურნალობაში ჩაერთო „სულაჟერი“ ჯერ კაფსულების სახით, ხოლო 5 დღის შემდეგ „სულაჟერის“ პერორალური ამპულები.
აღსანიშნავია, რომ "სულაჟერის“ ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე. "სულაჟერის” მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. 12 დღის განმავლობაში პაციენტმა დატოვა კლინიკა”, - წერს ლურსმანაშვილი, რომლის Facebook-პოსტი არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქდა ჩვენს მიერ.
ცნობისთვის, „სულაჟერი“ შეიცავს Polygonum Cuspidatum-ის ფესვების მშრალ ექსტრაქტს 300 მგ, რომელიც თავის მხრივ შედგება ტრანსრესვერატროლის, ფიტოალექსინებისა და სხვა ფენოლური ანტიოქსიდანტების კონცენტრატებისგან.
„ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს განმარტებით, „სულაჟერი“ არ არის საკვლევი მედიკამენტი. ის არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ანუ სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებისა და მიკროელემენტების გამოყენება პაციენტებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.“
COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინის ერთ-ერთმა ავტორმა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმმა აკაკი აბუთიძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „სულაჟერი“ არ არის მედიკამენტი, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა პათოლოგიის დროს და ახლა კოვიდის დროსაც. მისი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება არ არის დამტკიცებული. საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება. ამიტომაც რეკომენდაციის გაცემა, როგორც კოვიდის სამკურნალო საშუალება, არ შეიძლება.“
ამასთან, ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის სამკურნალო ე.წ. წამლის გამოგონების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.