თეგებით ძიება
25. 01. 2022 COVID - 19

"მოკვდა ეს გოგო და მოვკვდი მეც“ - რა ითხოვა კოვიდინფიცირებულმა სიკვდილის წინ

ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე სოციალურ ქსელში უმძიმეს პოსტს აქვეყნებს.

"მოკვდა ეს გოგო, აღარ არის. დაამარცხა ვირუსმა. რაც შეეძლო, იბრძოლა. შვილებზე წუხდა, განსაკუთრებით, გიორგიზე, რომელიც უნარშეზღუდულია. ახლა დგას ხატებთან და ევედრება, დედიკო გამიცოცხლეთო. ამ გოგოს სიკვდილმა მეც გამანადგურა. ფეისბუქიდან ვიცნობდი, ვიცოდი მისი ოჯახის სიდუხჭირის შესახებ. გულს მიკლავდა ფოტოებზე ასახული სასტიკი სიღარიბე. პატარა ბარბარეს პაწია თითებით აწყობილი სამკაულები, რომლითაც წამლის ფული უნდა ეშოვათ. ყველაფერი იგივეა, ცივი ოთახი, ნესტიანი, ჩაობებული კედლები. ბეტონის იატაკი, სამადლოდ ნაჩუქარი შეშის ღუმელი, რომელიც ოთახს კი არ ათბობს, სიცივეს ტეხს. ყველაფერი იგივეა, მაგრამ დედა აღარ უმზადებს ბავშვებს ღარიბულ საჭმელს. ახლა მამამ უნდა იკისროს დედობაც, თვითონაც ჯანმრთელობაგატეხილმა. მაგრამ რითი და როგორ?!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, რამე უნდა მოიფიქროთ ამ ოჯახის გადასარჩენად. ბავშვებს დედას ვეღარავინ დაუბრუნებს, მაგრამ აწი რომ მაინც იგრძნონ ბავშვობა. მამაც უნდა დაასაქმოთ როგორმე და საერთოდაც, მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ, ბავშვებს რომ ბოლომდე არ შეძულდეთ სიცოცხლე.
ოზურგეთში უამრავი ბიზნესმენია, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა ამ გაუბედურებული ოჯახისთვის. თუკი ამა თუ იმ კონკურსში გამარჯვებულებისთვის არ იშურებთ პრიზებს, ამ ობლებისთვისაც გამოიმეტეთ რამე.
ორი დღის წინ დედა დამარხეს შვილებმა, და უკვე მას დედის მეგობრებში ეძებენ. ხვალ თბილისისკენ დაადგებიან გზას და თეონას მეგობართან შეაფარებენ ატირებულ გულს. მაგრამ როცა ისევ ნესტიან კედლებში დაბრუნდებიან, რა იქნება მერე?! ისევ სასტიკი სიღარიბე და უკვე უდედობაც. იმ დედის არყოფნა, რომლის ერთი ხელის გადასმა მთელ ქვეყნიერებად უღირდათ.

მოკვდა ეს გოგო და დაგვიტოვა უკანასკნელი სათხოვარი,, ჩემი შვილები და მათი მამა არ მიატოვოთო... მოკვდა ეს გოგო და მოვკვდი მეც", - წერს ჟურნალისტი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა