თეგებით ძიება

მიუხედავად ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა - კელი დეგნანი

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც აშშ-ის საელჩო საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს.

„როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონული და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სარგებელისთვის – იქნება ეს შავი ზღვის ღიაობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; უკანონო ნარკოტიკებისა და იარაღის შემოსვლის აღკვეთა თუ საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მოქმედება. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად, ვმუშაობთ რა, დიპლომატიის გზით ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და ეუთო, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ გზით ინარჩუნებენ ჩვენი ერები ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ.

მომდევნო 30 და შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩის თქმით, ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.

„რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა