თეგებით ძიება

გუშინდელ აქციაზე ჰყავდათ ყველა მძღოლი წაყვანილი, დილით დაბრუნდნენ სახლებში და არავინ არ გამოსულა დღესო - რა მოხდა დიდუბის ავტოსადგურზე?

არ ვიცი, რა სიტყვა შეიძლება ვიპოვო იმ ჯოჯოხეთის აღსაწერად, რაც ბოლო 2 საათის განმავლობაში თავს გადამხდა - სოციალური ქსელის მომხმარებელი მელანო კობახიე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

ამ სტატუსის წერა მაშინ დავიწყე, როცა ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რასთან მქონდა საქმე, შესაბამისად, მტკიცებით პოზიციაში არ ვიყავი. ახლა რადგან ყველაფერი ნათელია, ყველაფერს მტკიცებით პოზიციაში დავწერ.

დღეს დიდუბეში, ავტოსადგურზე დასავლეთისკენ მიმავალი ავტობუსები, ფაქტობრივად, არ დამხვდა. ეს მაშინ, როცა მინიმუმ ყოველ ერთ საათში 2-3  ტრანსპორტი გადიოდა ხოლმე.

ყოველთვის. 

წლებია დავდივარ და მსგავსი შემთხვევა, რაც დღეს იყო, არასდროს ყოფილა. ხალხის აუარება რაოდენობა უბრალოდ იდგა და ელოდებოდა.

რადგან ბევრი ძიების შემდეგ მივხვდი, რომ არცერთი ხაზის მანქანა არ იყო და ვერაფერს გავყვებოდი, გადავწყვიტე, ხვალისთვის მაინც  დამეჯავშნა ბილეთი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ხვალ გზაზე კატასტროფა იქნება. მოკლედ, ვურეკავ მძღოლს, რომელიც მეუბნება, რომ მანქანა ჰყავს გაფუჭებული და ხვალ, 3-4 საათამდე თბილისიდან ტყიბულის მიმართულებით ა რ ა ფ ე რ ი გავა 🙂

ვურეკავ მეორე მძღოლს და ის მეუბნება, კი, სამზე გავდივარ, მაგრამ მაინც დამირეკე დილით, რამე არ შეიცვალოსო 🙂

გამოვბრუნდი უკან. ისევ ზღვა ხალხი დგას სალაროებთან და ელოდება. 

შემდეგ ვიფიქრე, მოდი, ქუთაისის მარშრუტის ამბავს მაინც მოვიკითხავ-მეთქი. მივდივარ და სალაროში ქალი მეუბნება, თუ გინდა, დაელოდე, მე რა ვიცი, როდის მოვაო. მესაუბრება ცინიკურად და აგდებით, შეგრძნებით, რომ არ აინტერესებს ის, რაც ხდება. ამას უსმენს ხალხი და რეაქცია არ აქვს, რომ არ არსებობს არავითარი განრიგი და ბედის ამარაა ამდენი ხალხი დატოვებული. 

ამ ქალს საბოლოოდ ვათქმევინე, რომ 2 საათში მოვიდოდა ტრანსპორტი, მაგრამ შევძლებდით თუ არა წასვლას ყველანი? - რა თქმა უნდა, ვერა, რადგან ხალხის ნაკადი იზრდებოდა და იზრდებოდა. 

საბოლოოდ, შემამჩნია ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა და მითხრა, ჩემს ნაცნობს გამოვიძახებ, 4 ადამიანს ვიპოვი და მისი მანქანით წავიდეთო.  და როცა მისი ნაცნობი მძღოლი მოვიდა, მან მითხრა, რომ გუშინდელ აქციაზე ჰყავდათ ყველა მძღოლი წაყვანილი, დილით დაბრუნდნენ  სახლებში და არავინ არ გამოსულა დღეს 1-2-ის გარდაო. 

აი, ასეთი ქვეყანაა, ასეთი რეალობაა.  მართლა არ ვიცი, რა სიტყვა შეიძლება ვიპოვო იმ ჯოჯოხეთის აღსაწერად, რაც ბოლო 2 საათის განმავლობაში თავს გადამხდა. 

თავს ვგრძნობდი უუფლებო მონად, რომლის ბედიც არავის აინტერესებს. 

მე ამას არ ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს. არ ვასწავლი დუმილს და არც უსამართლობაზე თვალის დახუჭვას და არასდროს შევეგუები ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მოქალაქის არანაირი  უფლება არაა დაცული და იმის გამო, ხელისუფლებამ ხალხი დაშინებით და მუქარით დედაქალაქში ჩამოიყვანოს, იმის გამო, რომ მძღოლებს, თურმე, აქციაზე შემოაღამდათ, ასე მოირღვეს და მოიშალოს ყველაფერი.

ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ვიცი, ეს უმცირესია, როგორი უსამართლობაც ამ ქვეყანაში ტრიალებს. 

და აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ 100 ადამიანიდან როცა ერთი იღებს ხმას და მერე იმ ერთს მხოლოდ ერთი დაუდგება გვერდით, ასეთი შეგნებით ცხოვრება არ შეიძლება! ასეთ შეგნებას მიჰყავს ქვეყნები დიქტატურამდე.

P.S. ჰო, საბოლოოდ იმ მგზავრის დახმარებით წავედი. ფეხითაც წავიდოდი, ოღონდ ჩემი ხმა არ დაიკარგოს და ეს საშინელება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

P.S.S. ხვალ რა მდგომარეობა იქნება დიდუბეში, არ ვიცი, ამიტომ, ვისაც თადარიგის დაჭერა შეგიძლიათ, ალბათ აჯობებს, დაიტოვე -ში დაწეროთ. დარწმუნებული ვარ, იქიდან ბევრი დაიმგზავრებს ერთმანეთს და ასე შევძლებთ საარჩევნო უბნამდე მისვლას და საკუთარი ხმის დაცვას - წერს მელანო კობახიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა