დეკემბერში საქართველოში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 226.4 პროცენტით გაიზარდა - სები
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 226.4 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 89.9 პროცენტი შეადგინა და წლიურად 239.1 პროცენტით მოიმატა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„2021 წლის მეორე ნახევარში საქართველოში პანდემიის შემაკავებელი ზომების შერბილებამ და საზღვრების გახსნამ ტურიზმის დარგის გამოცოცხლებას ხელი შეუწყო და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა. დეკემბერში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 226.4 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან 2020 წელს ანალოგიურ პერიოდში ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2019 წლის დეკემბერთან შედარებით კი 69.9 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა.
რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან (28.5 პპ), თურქეთიდან (26.2 პპ) და სომხეთიდან (18.9 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 6.6-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 14.9 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ლიეტუვადან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა როგორც ზრდის ტემპით, ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 14.9 პროცენტით მოიმატა და 229.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 35.1 პროცენტით 33.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 306.2 პროცენტით ყაზახეთიდან და 296.6 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 4.4 და 2.2 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები აზერბაიჯანიდან გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემცირდა.
საანგარიშო თვეში ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 11.7 პროცენტით მოიმატა, რაც, ძირითადად, იტალიიდან და გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა ზომიერად შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა 19.5 პროცენტით გაზრდილმა გზავნილებმა აშშ-დან და 13.8 პროცენტით გაზრდილმა გზავნილებმა ისრაელიდან.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 40.2 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი 17.3 პროცენტიანი წილით და აშშ 11.6 პროცენტიანი წილით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.