დასაქმების მიზნით 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ.
მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
"ვფიქრობ, რომ ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში არის, შეგვიძლია ეფექტიანად გამოვიყენოთ და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასე რომ, ათობით ათასი სამუშაო ადგილი მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული, უკვე არის ათობით ათასი სამუშაო ადგილი იდენტიფიცირებული. როგორც პრემიერმა განაცხადა, დაახლოებით 50 ათასი სამუშაო ადგილის მობილიზებას წლის განმავლობაში შევძლებთ. რატომ საზოგადოებრივი დასაქმება? რასაც კერძო სექტორი, ჩვენი ეკონომიკა ვერ აგენერირებს, ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი ინიციატივით, მაგრამ ეს უნდა იყოს გამიზნული სამუშაო ადგილები, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.