ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.
მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით.
"პროგრამის ფარგლებში ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც ამ საჭიროების მქონე ქალებს, მათ ოჯახებს ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა და მათი უმეტესობა ქონების გაყიდვისა და სერიოზული საკრედიტო ვალდებულებებისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა კალაძემ.