საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის კომპანიები ან მოქალაქეები არიან - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების მიხედვით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.
მონაცემების თანახმად, 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
“7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 1 200 - 2018 წელს დაფიქსირდა; რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში; 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია; სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა „ლუკოილ-ჯორჯიამ“ (200 მლნ ლარი), „მეტროვაგონმშენმა“ (175 მლნ ლარი), „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალმა“ (46 მლნ ლარი), „კლასიკ-სტროიმ“ (15.7 მლნ ლარი) და „ინვესტსტროირეგიონმა“ (13 მლნ ლარი) მიიღეს”,- აღნიშნულია კვლევაში.