შაქრით მომარაგების შეფერხების საფუძველი არ არსებობს, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა - მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ქვეყნის ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა, ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან.
მისი თქმით, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აჰყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის“, – განაცხადა შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმპორტიორები და ბიზნესი მზადაა, რომ იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომელთა მოწოდებაშიც შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა ბაზრებიდან მოწოდებით ჩაანაცვლოს.