ინტერვიუ Daily Dental • დეილი დენტალის ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგ ანი ზარქუასთან
ანი ზარქუა - Daily Dental • დეილი დენტალის ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგი
ანი გვიამბეთ თქვენ შესახებ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
მედიცინის და კონკრეტულად სტომატოლოგიის მიმართ სიყვარული, ბავშვობიდან სამედიცინო სფეროთი დაინტერესების და მუდმივი ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა. განსაკუთრებული სიამოვნებაა, როდესაც პაციენტისგან განიცდი მადლიერების გრძნობას. გზა, რომელიც აქამდე გავიარე რთული, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო მოგონებებით არის სავსე, რადგან დარწმუნებული ვიყავი პროფესიის შერჩევის სიზუსტეში და მიზნისკენ მიმავალი გზაც მოთმინებით გამოვიარე.
რა იყო თქვენი ინსპირაცია, რომელმაც თქვენი სამომავლო პროფესია განსაზღვრა?
რაც შეეხება ინსპირაციას, არ ყოფილა კონკრეტული პიროვნება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი პროფესიის განსაზღვრაში, თუმცა შერჩევის დროს, რჩევის სახით მშობლებთან ერთად გავიარე ეს ეტაპი და საბოლოოდ მტკიცედ მივიღე გადაწყვეტილება პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.
გვესაუბრეთ თქვენ მიდგომებზე, პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე
მიდგომებს რაც შეეხება, როგორც ნებისმიერ პროფესიას და განსაკუთრებით კი სტომატოლოგიას, სჭირდება მუდმივი განვითარება, მით უმეტეს, რომ ინფორმაციის და სიახლეების კუთხით ამოუწურავი სფეროა, როგორც პრაქტიკული ისე თეორიული მიმართულებით. შესაბამისად, მაქსიმალურად ვარ ჩართული ამ პროცესში.
საინტერესოა თქვენ რომელ პროდუქტს ანიჭებთ უპირატესობას და როგორია პირის ღრუს მოვლის თქვენი რუტინა?
კონკრეტულ პროდუქტს არ გამოვყოფ, თუმცა როგორც სტომატოლოგი მცირე რეკომენდაციის სახით გეტყვით იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის დილა-საღამოს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და აუცილებლად 4-5 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდა, რომელიც პირის ღრუს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს.
როგორია ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა თქვენ სფეროში, ძირითადად რა დაავადებებია გავრცელებული ამ ასაკში?
ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა ექიმისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. აუცილებელია ბავშვობიდანვე შეუქმნას იმის განწყობა, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სულაც არ არის ტრავმული. საჭიროა, რომ მათ ექიმისგან გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირის ღრუს სწორად მოვლა და სტომატოლოგთან ვიზიტი, ასევე ის, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა ბევრად ნაკლებ დროს და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე შორს წასული პროცესი.
დაავადების გავრცელებას რაც შეეხება, კარიესი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიო მასშტაბით, რაც ასევე ძალიან ხშირია ბავშვებშიც, რთულია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში, სათანადოდ მაინც ვერ ხდება კბილის თითოეული ზედაპირის წმენდა, ამასთანავე, მთავარი მტერი - ტკბილეული, რომელიც ასე ძალიან უყვართ პატარებს დიდ ზიანს აყენებს მათ კბილებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო იმ მშობლების დამოკიდებულება, რომლებიც თვლიან, რომ სარძევე კბილებს დიდი მოვლა არ სჭირდება, ვინაიდან ბავშვმა მაინც უნდა მოიცვალოს ეს კბილები. რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც ბავშვს აქვს კარიესები, მას ბუნებრივია აწუხებს ეს, აქვს დისკომფორტი ჭამის დროს, კარგად ვერ ამუშავებს საკვებს, ხდება ამ კბილების ადრეული დაკარგვა და ადრეული დაკარგვის დროს, შეიძლება გამოიწვიოს განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხებები. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვი სწავლობს მეტყველებას და კვებას, ამიტომ საღეჭი აპარატი ისე უნდა იყოს ანატომიურად ჩამოყალიბებული, როგორც მის ასაკს შეესაბამება. ასევე, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მუდმივი კბილის ჩანასახები, შესაძლოა დააზიანოს დაზიანებულმა სარძევე კბილებმა.
გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის გამორჩეულ მომენტებზე
გამორჩეული მომენტი, რომელიც ალბათ თითოეული ექიმისთვის საერთო და მნიშვნელოვანია, ეს არის მკურნალობის დასრულების შემდეგ კმაყოფილი და მადლიერი პაციენტი.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ჯანსაღ ღიმილს.