თეგებით ძიება

არის ფასების ზრდა, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, ნუ აყვებით პროვოკაციებს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

"მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საწვავის ფასებს უკავშირდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იდგა "ნაციონალური მოძრაობა". მე მესმის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. მაგრამ მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, ზოგადად, ინფლაციას როდესაც ვახსენებთ, კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა, არაერთ ქვეყანაში, არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. იგივე ეხება მთლიანად ევროზონას. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისე როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი. გამორიცხულია, რომ იყოს გამონაკლისი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს.

მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო. არ შეიძლება როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე დაემორჩილოს კანონს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა