თეგებით ძიება

სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, რასაც საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, სიცრუეა.

ამასთან, მისივე განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი მშიერია, არის ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ.

„აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამედიცინო ჰოსპიტალში და ასევე სულ ცოტა ხნის წინ გაყვანილი იყო კვლევებზე მულტიპროფილურ დაწესებულებაში. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, თითქოს მას არ მიეწოდებოდა შესაბამისი მკურნალობა, ბუნებრივია, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

მეორე, საუბარი იყოს იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე არის ტყუილი. აქვე ხაზგასმით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ამას რეგულარული ხასიათით იღებს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ის რჩება მშიერი, არის ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილს დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა.

„ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, რასაც არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. სხვათა შორის, ექიმებიც აღნიშნავენ იმას, რომ მას მიეწოდება ყველა მედიკამენტი, რასაც სჭირდება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს, თუმცა მას მიწოდებული აქვს. მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს და სწორედ ამიტომ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანგაჟირებულ სუბიექტებს მოვუწოდეთ მიზანმიმართული, დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა