თეგებით ძიება

"მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციების გაძლიერება" - რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 30 მაისის ახალმთვარეობა?

ასტროლოგი, რამაზ გიგაური 30 მაისის ახალმთვარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ ტენდენციებს პროგნოზირებს:

"30 მაისს, თბილისის დროით 15:30 საათზე ახალმთვარეობა ტყუპის ზოდიაქოს მე-10 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად ნიშნის პირველ დეკადას ასრულებს, ამიტომ მზისა და მთვარის ეს შეერთება სიმბოლურად მიუთითებს საქმეების, პროექტების გარკვეული ეტაპების დასრულებასა და ახალ ციკლზე გადასვლაზე.

ეს გრადუსი ერთ-ერთი ინტერპრეტაციით გამოიხატება როგორც ძაფისგან მოქსოვილი თოჯინა, რაც მიანიშნებს ირეალური მდგომარეობის შექმნას, გარკვეულ „თამაშს“, დაფარვასა და მოვლენების ირიბად (არაპირდაპირ) გამოვლენა-გამომჟღავნებას. მოსალოდნელია ბევრი რამ ფიგურალურად გამომჟღავნდეს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია კიდევ უფრო მოიმატოს პოლიტიკური სპექტაკლების ალბათობამ. გარდა ამისა, ეს იქნება ორმაგი და შესაძლოა სამმაგი თამაშის მომენტი.

ტყუპი - მენტალური და ცვალებადი ნიშანია, ამიტომ უახლოეს ერთ თვეში მოსალოდნელია გაძლიერდეს ისეთი წვრილმანები და ბევრი მოუგვარებელი (შესაძლოა ერთი შეხედვით, უმნიშვნელო) საქმეებიც. ეს ბუნებრივია შექმნის ნევროზულ, სტრესულ მდგომარეობას.

მზისა და მთვარის ეს შეერთება თბილისის გრძედისა და განედის გათვალისწინებით მე-8 სახლის ბოლო გრადუსში ხდება, ამიტომ მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციების გაძლიერება, რომელიც შესაძლოა დაუკავშირდეს როგორც მატერიალურ-ფინანსურ კრიზისს (მაგალითად, საერთაშორისო ფინანსურ ვალდებულებებს, ვალუტის კურსის მანიპულირებას და ა. შ.), ისე ფსიქო-ემოციური კუთხით დაძაბულ სიტუაციებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალმთვარეობა ძალიან ახლოს ხდება მე-9 სახლის კუსპიდთან (საწყის წერტილთან), მიანიშნებს, რომ უახლოეს ერთ თვეში კიდევ უფრო გააქტიურდება საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო ინსტიტუტები თუ რიგი ქვეყნები საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. მოსალოდნელია ამ კუთხით ახალი რეალობის შექმნა, ახალი განაცხადებების გაკეთება და ა. შ.

ახალმთვარეობის სიგნიფიკატორის (მმართველის) - მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მიანიშნებს, რომ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გააქტიურდება ძველი, დაუსრულებელი პროექტები, პრობლემები და გამოწვევები, რომელთა გადაჭრა და მოგვარება თავის დროზე არ ან ვერ მოხერხდა.
30 მაისს არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება, საბუთებზე ხელის მოწერა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა კარგი პერიოდია ემოციური გაწმენდისთვის, მიტევებისთვის, წარსულისგან გათავისუფლებისთვის და მომავლის დაგეგმვისთვის.

ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით, ცხადია, ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:

* ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისშია დაბადებული (28 მაისიდან - 2 ივნისამდე);

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვის პირად ჰოროსკოპშიც ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნის ან თევზების ზოდიაქოს მე-9, მე-10 ან მე-11 გრადუსში რომელიმე პლანეტა არის განთავსებული", - წერს გიგაური ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა