თეგებით ძიება

ათასობით ადამიანი სეზონური ვირუსით ავად არის - რატომ მოედო საქართველოს გრიპი და რატომ გრძელდება ავადმყოფობა 10-15 დღე?

ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი სხვადასხვა სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს უჩივის. შემთხვევები საკმაოდ გაზრდილია და ამაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ.

კლინიკური ექსპერტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი საუბრობს, რამ გამოიწვია რესპირატორული ვირუსების ზრდა და როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი.

"მაისის თვეში რესპირატორული ვირუსების ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. დამახასიათებელი ნიშნები ტიპიურია: სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ტემპერატურა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში 10-15 დღეც კი გაგრძელდა და ასევე, ხშირადვე პნევმონიით გართულდა. რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს კი ასეთ დროს პნევმონიის სიმპტომებიც დაემატა.

ვფიქრობ, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ადამიანების იმუნური სისტემა შედარებით დაქვეითდა და ამიტომაც, დაავადება უფრო ხშირ შემთხვევაში გართულდა. უამრავი პაციენტი მყავდა და საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაში პროცესი დადებითად დასრულდა, თუმცა მაისის თვე მარტის თვეს ძალიან ჰგავდა. სეზონური ვირუსები სწორედ, თებერვალსა და მარტში იყო ხოლმე აქტიური. რესპირატორული ვირუსები ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად, მოსახლეობას 2 წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა პრობლემა აქვს გადატანილი და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა გარკვეულწილად დაქვეითებულია. სეზონური ვირუსები კორონავირუსამდეც არსებობდა, თუმცა, როდესაც კოვიდ-19 ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა, მას შემდეგ, არსებული შეზღუდვების ფონზე, სხვა ვირუსები შეკავდა და ძალიან მცირე შემთხვევა ფიქსირდებოდა. რა თქმა უნდა, პრევენციული თვალსაზრისით, ნიღაბი ყველა სახის რესპირატორული ვირუსის ეფექტური შემაკავებელია", - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა და ასავე ისაუბრა იმაზეც, ძირითადად, რომელი ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში.

"რესპირატორული ვირუსებისათვის, ძირითადად, მსგავსი სიმპტომებია დამახასიათებელი. ეს შეიძლება იყოს ადენოვირუსი, რინოვირუსი, გრიპის ვირუსი, ამავე დროს ახლა ნაწლავური ინფექციების სეზონი იწყება. ამიტომ, სიმპტომურად უნდა ვიმკურნალოთ და დავაკვირდეთ. ნერვიულობა არ არის საჭირო, მსგავსი ინფექიები ყოველთვის იყო და მომავალშიც გაგრძლედება. სიმპტომებიან პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება მაინც ჩავუტარეთ და ჩემი უამრავი პაციენტიდან არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამიტომაც, სხვა ვირუსებიც გამოვიდნენ ასპარეზზე, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში არსებული შეზღუდვების ხარჯზე, შეკავებული იყო", - დასძინა მან.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა