თეგებით ძიება

ჩვენ ისედაც ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვართ - რას ამბობს ივანიშვილის ადვოკატი რეზოლუციაზე?

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ეხმაურება ევროპარლამენტის 8 ივნისის მოწოდებას ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ყიფიანი ამბობს, რომ სიტყვა „სანქცია“ ძალიან სერიოზული სიტყვაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისი გამოყენება არგუმენტებს მოკლებულია – „მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ საგნობრივ განხილვაში შევიდეთ ამ თემისა, ჩვენ ამ საშუალებას მოკლებული ვართ და ელემენტარულად იმედგაცრუებაღა შემიძლია გამოვხატო,“.

„ჯანსაღი სარკაზმით შეიძლება აღინიშნოს, რომ რეალურად… ამ საქმის გარემოებებს რომ დავუბრუნდეთ და არ გავიდეთ ამ საქმის ფარგლებს გარეთ, 4 მარტიდან მოყოლებული – ეს ის თარიღია როდესაც რეალური დაბრკოლება შეექმნა ბატონ ივანიშვილს საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა – ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი აღსანიშნი გარემოება. 24 თებერვალს იწყება ეს ცნობილი მოვლენები უკრაინის ომი და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა თქვა კიდეც, რომ ეს ყოველივე არის გამოწვეული აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით.

გვიწევს საქმიანობა და ამ თემასთან ჭიდილი განუცხადებელი სანქციების პირობებში. თვითონ ფორმაც, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია, არაკულტურული, ყოველგვარ სტანდარტებს მოკლებული.

მეჩვენება, რომ ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი ან რეალიზატორი არის, კიდევ ერთხელ ვამბობ რა, რომ თითქოს მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის, ბიძინა ივანიშვილი შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ, როგორც მანამდე განვაცხადეთ , მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ. გვქონდა და გვაქვს საქმეზე პროგრესი,“ – დასძენს ის.

„ჩვენი ბოლო შეხვედრიდან არაერთი პროგრესი და განვითარებაა ამ საქმის ირგვლივ ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს, ხოლო მოშურნესა და არაობიექტურს კი მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში“, – განაცხადა ყიფიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა