საშუალო ხელფასის ოდენობა იზრდება, თუმცა ხელფასების გადანაწილება მკვეთრად უთანასწოროა - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
„საქართველოში ათასობით მშრომელის ხელფასი მწირი და მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არასაკმარისია. ამასთან, ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობა იზრდება, თუმცა ხელფასების გადანაწილება მკვეთრად უთანასწოროა“,- ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ცენტრის განცხადებით, ხელფასების გადანაწილების მხრივ უთანასწორობას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემებიც.
კერძოდ, 2023 წლისთვის: ყველაზე მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების მეათედის საშუალო ხელფასი 102-ჯერ აღემატებოდა ყველაზე დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების 10%-ის საშუალო ხელფასს;
ყველაზე მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების 1%-ის საშუალო ხელფასი 263-ჯერ აღემატებოდა ყველაზე დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების 10%-ის საშუალო ხელფასს.