მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დააბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი - გახარია ივანიშვილს
შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია და უკვე დნმ-ის დონეზე „განაცდა“.
„რაც არ უნდა იჭორაოს „ოცნებამ“, ვერასოდეს ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ მე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად ძიძიგური, ანა ბუჩუკური, ჩვენ ვართ „ნაცები“ და ის ხალხი, ვინც მათ პირველ ოცეულში ჰყავთ, არ არიან. „ოცნება“ უკვე დნმ-ის დონეზე “განაცდა“. საპატიო თავმჯდომარე, რომელიც იჯდა ეთერში და დანაშაულის გარეშე, ქმედების გარეშე გასამართლებით ემუქრებოდა, მიხეილ სააკაშვილი სხვას კი არაფერს აკეთებდა. ადამიანი ამბობს საოცრებას, რომ საქართველოში კარგი ადამიანი თუ არის, ე.ი. „ოცნების“ წევრი უნდა გახდეს და სხვა ყველა ქვეყნის მტერია და მოღალატე. „ხალხის მტერი“, - ასეთი რაღაცები ახსენა. ამიტომ „ნაცი“ ვინ არის და „ნაცური“ მენტალიტეტი ვის აქვს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. „ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია, ეს ფაქტია.
მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, გამოვიდა და მოყვა, რომ მედიაზე წვდომა თურმე 2012 წელს შეზღუდული იყო და თეფშები დაუპატიმრეს, რაც მართალია და ძალიან ცუდი იყო, მაგრამ დღეს ტელევიზია ღიად ამბობს, რომ „მე ვთვლი, რომ შენ ცუდი ხარ და ამიტომ არ გიშვებ ჩემს ეთერში“. კი ბატონო, პრობლემა არ არის, მაგრამ მაშინ შენი ეთერიდან ნუ მლანძღავ, ტყუილებს და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ. თუ ავრცელებ, მაშინ დამიძახე, რომ ამ ტყუილებს ვუპასუხო. შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი შენს თავს და სინამდვილეში რომ უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დააბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი. ასე მარტივია, გამოხვალ, ადამიანებს რაღაცას დააბრალებ, იჭორავებ, იწყევლები, მერე გაიქცევი შენი დაცვის უკან და სახელმწიფოს ზურგის უკან დაიმალები, ასე მარტივია ცხოვრება. საბოლოო ჯაში ადამიანები ამას ხედავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.