თეგებით ძიება

"ხელისუფლებასაც მოვთხოვდი რამეს, მაგრამ აზრი არა აქვს. კარგს და ჭკვიანურს ეგენი აწი წასვლის გარდა ვერაფერს" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან ცუდი გზავნილი იყო მაკრონის განცხადება. საქართველოს მოწყვეტა უკრაინასა და მოლდოვისგან ვითომდა გეოპოლიტიკური საბაბით რეალურად არის რუსეთისთვის კოჭის გაგორება და სამხრეთ კავკასიის რეგიონის არაევროპულ ზონად აღიარება.
ოღონდ სანამ მაკრონის და გამყიდველი ევროპის გინებას დავიწყებდეთ, ისიც არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რათა ევროპისგან გამიჯნულიყო და არ მიგვეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: გადააგდო ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დემონსტრატიულად უარი თქვა სასამართლოს რეფორმაზე, უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების დღიდან აგინებს უკრაინის ხელისუფლებას, მაშინ როცა ერთი აუგი არ დაცდენია რუსეთზე და პუტინზე, აგინა ყველა ევროპარლამენტარს ვინც კი რამენაირად მაინც შეხებია საქართველოს თემას, მთელი ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოაცხადა კრიმინალებად (არ ვაჭარბებ. იხ. კობახიძის განცხადება ევროპის სახალხო პარტიაზე) აბსურდული ბრალდებით ჩასვა ციხეში ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი, და ბოლოს ისიც კი გამოგვიცხადა, ბატონი ბიძინას ქონებას თუ შეეხებიან, არც მაგათი სტატუსი გვინდა და საერთოდ ეგეთი ევროპის დედაცო და ა. შ. და ა. შ. ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ქართველ ხელისუფალთა ბრძნული გამონათქვმები.
დიახ, ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა.
მაგრამ
მიუხედავად ამისა მაინც:
სწორედ ამ უვარგისი ხელისუფლების პირობებში, აქ და ახლა გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დარჩენილ მცირე დროში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ის თეორიული შანსი მაინც გამოვიყენოთ, რომელიც კიდევ გვაქვს.
ამისთვის საჭიროა:
ოპოზიციამ შეწყვიტოს იდიოტური კინკლაობა იმის თაობაზე თუ ვინ რომელ მიტინგზე უნდა წავიდეს, მოეშვას ერთმანეთისთვის ნაცის და ქოცის ძახილს და მთელი ძალისხმევა მიმართოს დიპლომატიური წამომადგენლობის დარწმუნებისკენ, რომ სტატუსის არმიღება მხოლოდ გააძლიერებს რეაქციულ, ანტიდასავლურ და პრორუსულ ტენდენციებს საქართველოში, ხოლო სტატუსის მიღება პირიქით, ხელს შეუწყობს არსებული ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვაშორონ უკრაინა-მოლდოვას და საქართველოს საკითხის განხილვაც ამ ტრიოს კონტექსტში ხდებოდეს.
ასევე, ქალბატონმა პრეზიდენტმა სასურველია კიდევ ერთხელ დაურეკოს მაკრონს, აუხსნას კარგი და ლამაზი ფრანგულით, რომ დაუშვებელია საქართველოს დაცილება უკრაინასა და მოლდოვისგან და მთელი თავისი ფრანგული სამეგობრო-სანაცნობო ჩართოს ზეწოლის ამბავში მხარდამჭერებად, რისთვისაც არაა აუცილებელი ბატონ ბიძინასგან ნებართვის აღება.
ხელისუფლებასაც მოვთხოვდი რამეს, მაგრამ აზრი არა აქვს. კარგს და ჭკვიანურს ეგენი აწი წასვლის გარდა ვერაფერს გააკეთებენ და თავისი ნებით წამსვლელებიც არ არიან.
თუმცა, ყველა შემთხვევაში მოუწევთ მაქსიმუმ 2024 წელს და მანამდეც თუ იზამენ ამ სიკეთეს და რიგგარეშეთი გაასხამენ, კიდევ უკეთესი", - წერს ზურაბიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა