ისრაელი გადაიხდის ფასს ღაზაში მომხდარი გენოციდისთვის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ ისრაელი გადაიხდის ფასს ღაზაში მომხდარი "გენოციდისთვის“.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის ფასს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ერთი წლის განმავლობაში და ახლაც ახორციელებს“, - აცხადებს ერდოღანი.
როგორც ისრაელის მედია წერს, პალესტინის დამცველი და ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ მხარდამჭერი, ერდოღანი ხშირად აკრიტიკებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მას "ღაზას ჯალათად“ მოიხსენიებს, ასევე, ადარებს მას ადოლფ ჰიტლერს.
"როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ნეთანიაჰუს და მისი მკვლელობის ქსელსაც ასევე შეაჩერებენ“, - აღნიშნავს ერდოღანი.
ერდოღანი, ასევე, აკრიტიკებს საერთაშორისო სისტემის წარუმატებლობას შეაჩეროს კონფლიქტი ღაზასა და ლიბანში და აცხადებს: "ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შეჭრის მრავალწლიანი პოლიტიკა ახლა უნდა დასრულდეს“.