დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში ომი 15 დღეში დასრულდება - ბორელი
"თუ დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეწყვეტენ, ომი უკრაინაში 15 დღეში დასრულდება“. ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ბევრ ადამიანს, პირველ რიგში უკრაინელებს, სურთ, რომ ომი რაც შეძლება მალე დასრულდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდება ეს ომი.
"თუ ჩვენ აღარ დავეხმარებით უკრაინას, ომი 15 დღეში დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მაიღწევს. ჩვენ რა, ეს გვსურს უკრაინელებისთვის და ჩვენი, ევროპელების უსაფრთხოებისთვის?“ - ამბობს ბორელი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების დროს უკრაინამ ის „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სასურველ პირობებში გამართოს“.
რამდენიმე დღის წინ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების შეიარაღებით დარტყმების უფლება უნდა ჰქონდეს. მან ასევე განაცხადა, რომ პუტინი ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ენერგეტიკული კოლაფსის ტაქტიკას იყენებს, რადგანაც ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევს.