თეგებით ძიება

თურქული წამლები ძვირდება - რამდენით მოიმატებს მედიკამენტებზე ფასი?

საქართველოში შემოტანილი იაფი თურქული მედიკამენტები, სავარაუდოდ, ძვირდება. კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა ახალი გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში წარმოებული მედიკამენტების ფასს დაახლოებით 30%-ით გაზრდის.

საქართველოს ბაზარზე მეზობელი ქვეყნიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. მას შემდეგ, აფთიაქებში ასეულობით დასახელების წამალი გაიაფდა, თუმცა ახლა რეჯეპ ტაიპ ერდორანის გადაწყვეტილება თურქეთიდან შემოტანილ წამლებს შესამჩნევად გააძვირებს.

ერდოღანის მიერ 2022 წლის 7 ივლისს გამოცემული ბრძანების მიხედვით, ფარმაცევტულ პროდუქტებს ახალი ტარიფები დაუდგინდა. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.

განახლებულ ტარიფში განსაზღვრულია ევროს ფიქსირებული კურსი, რომლითაც ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები დადგინდება. ახალი დადგენილება განსაზღვრავს იმ მოგების მარჟებს, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს (საწყობს) შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს.

მედიკამენტების ახალი ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრება: 10 ლირამდე - საწყობის მოგების მარჟა 9%, აფთიაქის მარჟა - 28%; 10-50 ლირა - საწყობის მოგების მარჟა 8%, აფთიაქის მარჟა - 28%; 50-100 ლირა - საწყობის მოგების მარჟა 7%, აფთიაქის მარჟა - 28%; 100-200 ლირა - საწყობის მოგების მარჟა 4%, აფთიაქის მარჟა - 18%; 200 ლირაზე მეტი - საწყობის მოგების მარჟა 2%, აფთიაქის მარჟა - 13%.

ლოგიკურია, რომ თურქეთში ტარიფების ცვლილება აისახება საქართველოში იმ სააფთიაქო ქსელებში არსებულ მედიკამენტებზე, რომლებიც მეზობელი სახელმწიფოდან შემოდის.

„გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გავლენასნამდვილად იქონიებს, მაგრამ იმდენად მაღალი არ იქნება, რომ წამლები ისე გაძვირდეს, როგორც აქამდე იყო.

„საერთოდ, ყველა ქვეყანაში მედიკამენტებზე არის ზედა ზღვარი დაწესებული და საცალო და საბითუმო ფასები გამიჯნულია. სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ არც ერთ ქვეყანაში წამლები არანორმალურად ძვირი არ ღირს, საქართველოს გარდა, რადგან ჩვენ რეგულაციები არ გვაქვს შემოღებული. რამდენიმე თვეა გადავერთეთ ისეთ მიმართულებაზე, რომ ფასები როგორმე დაგვეწია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა მომარაგების თვალსაზრისით ბოლომდე გამართული არ არის ვითარება, ვიმედოვნობ, რომ ეს ნაწილიც გამოსწორედება. წამლის ფასი შესაძლოა, დაბალი იყოს, მაგრამ სააფთიაქო ქსელში იაგად არ იყიდებოდეს.

რაც შეეხება ახალ გადაწყვეტილებას, ყველა სახელმწიფოს აქვს ისეთი კანონი, რომელიც მის ქვეყანაში მუშაობს. თურქეთში შეცვლილი მოგების მარჟა, რასაკვირველია, გავლენას საქარველოზეც მოახდენს, მაგრამ ასახვა იმდენად მაღალი არ იქნება, რომ მედიკამენტი ისე გაძვირდეს, როგორც აქამდე იყო. წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა ძალიან რთულია. ვნახოთ, დავიცადოთ.

ჩვენთან ზედა ზღვარი განსაზღვრული საერთოდ არ არის. ერთია, რომ არ განსაზღვრავ და მეორეა, რომ მას გაზრდი. გაზრდა არ შეიძლება მოხდეს 5-ჯერ და თუ ასეთი ზღვარი საერთოდ არ არის დადგენილი, მაშინ 5-ჯერაც შეიძლება გაიზარდოს და 10-ჯერაც”, - განაცხადა „რეზონანსთან” მარინა ბერაძემ და დასძინა, რომ ზოგად ჭრილში პრობლემები მრავლადაა. საჭიროა, ცვლილებები შევიდეს კანონში, რომელიც ამ მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ შვებას მოიტანს.

„რომელიმე ქვეყნის მეთაური თუ თავის ქვეყანაში რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის გამო ჩვენ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ, რადგან აქ უნდა შევქმნათ ძლიერი სისტემა. თუ რაიმე გაჯანსაღება გვინდა, დამცავი მექანიზმებიც უნდა შევქმნათ და ამის საშუალებები არსებობს კიდეც. არის მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც საკანომდებლო ბაზრის განმტკიცებას უნდა მოხმარდეს.

თუ კერძო ბიზნესს, რომლის ხელში არის ფარმაციაც და მთელი ჯანდაცვაც, არანაირ რეგულაციას არ დავუწესებთ და თავის ნებაზე მივუშვებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოვლენები ცუდად განვითარდება, მაგრამ თუ ვიქნებით ფხიზლად და კონტროლიც გაძლიერდება, ასეთ შემთხვევაში, პრობლემები ნაკლები იქნება. ჩვენი ჯანდაცვის სესტემაში მთავარი საზრუნავი უნდა იყოს პაციენტი და არა ბიზნესი”, - დასძინა მარინა ბერაძემ.

საქართველოში არსებული სააფთიაქო ქსელები მომწოდებლებმა უკვე გააფრთხილეს, რომ ახალი შეკვეთის გაკეთებისას მათ მეზობელი ქვეყნის მედიკამენტების შესყიდვა უფრო ძვირად მოუწევთ. აღნიშნულს ადასტურებს „ფარმადეპოს“ ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი. მისი აზრით, ახალი შეკვეთის დროს მათ თურქული წამლების 25%-ით ძვირად შესყიდვა მოუწევთ.

კონკრეტულად როდის აისახება ახალი ტარიფები სააფთიაქო ქსელებში, ეს დამოკიდებულია იმაზე, აფთიაქებს ძველი შესყიდვებიდან რა მოცულობა აქვთ დარჩენილი. მაგალითად, „ფარმადეპოს" ორი კვირის მარაგი აქვს.

ახალი ცვლილების მოსალოდნელ ეფექტზე საუბრობს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე და ადასტურებს, რომ თურქეთის გადაწყვეტილება საქარველოზე ავტომატურდ აისახება.

„მედიკამენტები საქართველოშიც გაძვირდება, რადგან თურქეთი არ არის დედა ტერეზას დაწესებულება, რომ საქველმოქმედო აქციები ატაროს. ჩემთვის გასაკვირია, რატომ გვაძლევენ წამლებს ასეთ ფასში. ეს შეცდომა იყო თურქეთისთვის, თუმცა ჩვენთვის კარგი გამოვიდა.

რა თქმა უნდა, ახალი გადაწყვეტილება გამოიწვევს ფასების ზრდას. ერდორანმა წამლები თავისიანებს გაუძვიროს და საქართველოს - არა, ეს არალოგიკურია. საერთოდ, ყოველთვის არის ფასისა და ხარისხის შესაბამისობა. ევროპული მედიკამენტი რომ თურქულს სჯობს, მგონი, ამაზე საუბარი არც არის. მიუხედავად გაძვირებისა, თურქული წამლები ევროპული ანალოგების ფასს არ გაუტოლდება.

საქართველოში უამრავი უხარიხსო მედიკამენტი შემოდის, რომელიც არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენთან არ ხდება მედიკამეტის ქიმიური შემოწმება. არ ვამბობ ევროპაში წარმოებულ წამლებზე, არც ამერიკულ-კანადურზე. არსებობს ქვეყნები - ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი - საიდანაც შემოდის მედიკამენტები, რომელთა ხარიხსი კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ეჭვს გადამოწმება სჭირდება და ამის საშუალება კი ჩვენს ქვეყანას არ აქვს. უკვე მერამდენე მთავრობა ამბობს, რომ გააკეთებენ სპეციალურ ლაბორატორიას, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი იცვლება”, - განაცხადა „რეზონანსთან” ვატო სურგულაძემ.

25-30%-იანი გაძვირების შესახებ საუბრობენ ფარმაცევტთა ასოციაციაშიც, თუმცა როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი განმარტავს, გაძვირების მიუხედავად, თურქული წამლები ევროპულთან შედარებით, მაინც გაცილებით იაფი ეღირება. ფასის ზრდა კი, სავარაუდოდ, ერთ თვეში ან აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

„რამდენიმე დღის წინ თურქეთში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თურქული მედიკამენტების ზრდას გულისხმობს, რა თქმა უნდა, საქართველოში შემოტანილ პროდუქციაზეც მოახდენს გავლენას. ფასი, სავარაუდოდ, 30%-ით გაიზრდება. ეს დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან დაიწყება, რადგან ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული მარაგი, რომლებიც კომპანიებს აქვთ და ცვლილება მყისიერი არ იქნება.

მიუხედავად ფასის ზრდისა, რომელიც თურქეთში არსებულმა მაღალმა ინფლაციამ და ლირის ასეთმა გაუფასურებამ გამოიწვია, ევროპულთან შედარებით, თურქული წამლები უფრო ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა „კომერსანტთან” საუბარში ილონა კოკიაშვილმა.

მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების ბაზრის გახსნის შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა ფასი 60%-80%-მდე არის შემცირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული წამლები და 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა