ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პროდიუსერ, მიშა მშვილდაძესა და ჟურნალისტ, ვახო სანაიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ სპორტსმენების გამარჯვებებს, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "ნაცმოძრაობამ" არ დატოვა სპორტის სახეობა, სადაც წარმატებულ სპორტსმენებს არ დაუპირისპირდნენ.
"ამ ადამიანებმა, მოკლედ რომ მოვიხსენიო - ნაციონალებმა, ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ. ყველას გვახსოვს მაგალითად თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, ეს არის კაცი, რომელმაც ორი ოლიმპიადა მოიგო და რომელიც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია და აქაც კი მოახერხეს მათ თავდასხმა. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ, დაახლოებით 1 წლის წინ. ამის კულმინაცია იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით.
ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, თავად ფაქტია საინტერესო და ნიშანდობლივი. ამ ადამიანების ერთობლიობას - რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.