სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე უცხოელ ექიმებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია არ მისცა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე უცხოელ ექიმებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია არ მისცა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ოფიციალური უარი ცენტრმა ემპათიამ აზარაშვილის უწყებიდან დღეს მიიღო.
სამინისტრო ექიმებისთვის დროებითი ლიცენზიის გასაცემად დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს. ალტერნატიული კომისიის წევრი მედიკოსები მიიჩნევენ რომ მმართველი გუნდი დროის გაჭიანურებას და სააკაშვილის ჯანმრთელობის მიზანმიმართულ დაზიანებას ცდილობს.
"დღეს მოვიდა ორ ექსპერტთან დაკავშირებით უარყოფით პასუხი. ისინი კვლავ ითხოვენ პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებს. დოკუმენტებმა, რაც იქნა გადმოგზავნილი ამერიკული მხარის მეშვეობით, არ დააკმაყოფილა ჩვენი რეგულირების სააგენტო. შესაბამისად, ჩვენ გადავუგზავნით კვლავ ადვოკატებს, რათა ექსპერტებმა მოგვაწოდონ კიდევ დამატებითი დოკუმენტაცია.
რეგულირების სააგენტო ახანგრძლივებს ამ პროცესს, ვინაიდან ამერიკულ მხარეს აქვს საკმარისი დოკუმენტაცია. ეს არის საკმაოდ ცნობილი ადამიანები თავიანთ დარგში და მე ვფიქრობ, რომ წარმოდგენილია საკმარისი დოკუმენტაცია", - აცხადებს"ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში აგვისტოს ბოლოს 2 უცხოელი ექსპერტი იმყოფებოდა. მათ კლინიკა " ვივა მედში" მესამე პრეზიდენტს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს. ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი და გადაეგზავნება სასამართლოს იმისთვის, რომ ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილისთვის 1 წლით, სასჯელის გადავადება მოითხოვონ, მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე.