თეგებით ძიება

"რამდენჯერმე ვცადე წარმოდგენა, რას განიცდიდა მამა, როცა ხედავდა, თავის შვილებს როგორ უმიზნებდნენ თავში ავტომატს...შინაგანად ვარ მკვდარი" - ნინი გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მამის დაკავების დროს განცდილ ემოციებზე წერს.

"რამდენჯერმე ვცადე წარმოდგენა, რას განიცდიდა მამა, როცა ხედავდა, თავის შვილებს როგორ უმიზნებდნენ თავში ავტომატს, როგორ ყვიროდა დედა შვილები არ მომიკლათო და ამ დროს მამა ვერაფერს აკეთებდა. ჩემს შვილზე წარმოვიდგინე ეს და იმის მერე შინაგანად ვარ მკვდარი, ყველანაირი ემოციის განცდის უნარი გაქრა, ყველანაირი შიში, სიკვდილის შიშიც კი, ალბათ დღემდე მაგიტომ არ დავკარგე ბრძოლის უნარი, რადგან არ მავიწყდება ის დღე, როცა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მამაჩემზე შურისძიების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ მამას, ჩემს ძმას, ავტომატს უმიზნებდნენ თავში ჩემს ოჯახის წევრებს, ოთახში ჩაკეტეს 4 წლის ბავშვი 14 საათი და ყველანაირი ძალადობა, რაც კი შეიძლებოდა გაეკეთებინათ და ამ ყველაფრის მერე სუსის გენ ინსპექციის უფროსი, გიორგი ღამბაშიძე ყავას მიირთმევდა ჩვენი სახლის ეზოში, რომელიც ახლაც მოქმედი თანამშრომელია და რომელმაც სცემა მამაჩემი სპეცოპერაციის დღეს!

არაუშავს, მოვა დღე, როცა დაისჯება ყველა დამნაშავე, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ყველაზე რთულ პერიოდში იბრძოდა ჩვენთან ერთად, ვინც ბოლომდე ჩვენი ერთგული აღმოჩნდა და ცხოვრებას აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ადამიანების გარეშე, ვინც შენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იყო მხოლოდ ჩვენს გვერდით მუდამ და 16 ივლისამდე იყო მხოლოდ ჩვენიანი და განსაკუთრებით იმ ნაძირლების გარეშე, ვისაც ეხმარებოდი, ვის შვილებზეც ზრუნავდი და ახლა ზურგი გაქციეს, გიღალატეს. კითხულობთ ხო ახლა ამას? მიხვდით ხო, რომ თქვენზე ვსაუბრობ? ხოდა დაელოდეთ იმ დღეს, როცა პეტრეს ყველა ცრემლის გამო ღმერთი გაგებინებთ პასუხს! ჩვენი ტკივილის გამო, რომელიც ახლა ძალიან გსიამოვნებთ, გგონიათ ბედნიერები იქნებით? არ იქნება ეგრე! ", - წერს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 18 ივლისს სასამართლომ გოგაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა