ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას „დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.
"413 მძიმე და საშინელი დღე გაგრძელდა აფხაზი ხალხის სამამულო ომი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ვაჟები და ქალიშვილები. განუზომელი და შეუფასებელია აფსნის დამცველთა გმირობა. ჩვენი უშიშარი მეომრების გმირობის წყალობით, აფხაზეთი გადაურჩა გენოციდსა და განადგურებას. აფხაზებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, სამშობლოს დასაცავად წამოიმართნენ ჩვენი თანამემამულეები, მუჰაჯირთა შთამომავლები. ცალკე მინდა გამოვყო ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები - აფხაზეთს ყოველთვის ემახსოვრება აირების, ყაბარდოელების, ჩერქეზების, აბაზინების, ჩეჩნების, ოსების, ინგუშების, დაღესტნელების და სხვა ხალხების წარმომადგენლების სიმამაცე", - განაცხადა ბჟანიამ.
"გამარჯვების დღე არის თვალცრემლიანი დღესასწაული. ვიხსენებთ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც მამაცურად დაიღუპნენ მომავალი თაობისთვის. ჩვენ მათთან, ვინც სიცოცხლის ფასად გაათავისუფლა ჩვენი სამშობლო, სამუდამოდ ვალში ვართ. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ აფხაზეთის კეთილდღეობისთვის. მხოლოდ ერთად აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს - თავდაჯერებულ მომავალს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას", - განაცხადა მან.