"ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია... ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა" - რას ამბობს "ინტერის აკადემიის" ქართველი პრეზიდენტი კვარაზე?
საქართველოში "ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი, ანა წერეთელი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია.
ანა წერეთეი თავის იტალიურ შთაბეჭდილებებს Sportall.ge-ს ინტერვიუში უზიარებს.
"იტალიაში ხვიჩას მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ნეაპოლში ჩავედი თუ არა, პატივს სწორედ ხვიჩას გამო მცემდნენ. ვერ მივხვდი, ჩემთან "სელფებს" რატომ იღებდნენ, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართველი და "კვარას" თანამემამულე ვარ.
გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია. კვარაცხელიას ყველა ფერის მაისური ერთნაირი წარმატებით იყიდება - თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი... გაყიდვაშია პატარა თაბაშირის ფიგურები, რომლებზედაც მხოლოდ ხვიჩა და დიეგო არიან გამოსახულნი. კვარაცხელიას ორიგინალი მაისურების შეძენა პრობლემურიც კია.
სტადიონზე, ნეაპოლელთა თამაშზე როცა ვიყავი, ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა.
ქალაქში სეირნობისას საკმაოდ ბევრი ქართველი შემხვდა. იქაური დამოკიდებულების შემდეგ პირველად მომინდა, სხვა გვარი მქონოდა და იმ მომენტში კვარაცხელია ვყოფილიყავი".