ეს არ არის პირველი აქცია და არც უკანასკნელი - გიორგი ბარამიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მშვიდობის ხიდზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ბრძოლა მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
„თვითონ ამ რეჟიმმა გამოაქვეყნა კადრები და პრეზიდენტ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა მთელმა მსოფლიომ დაინახა. ბუნებრივია, დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა. ეს არ არის პირველი აქცია და არც უკანასკნელი.
ჩვენ, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, არამედ ის ნორმალური ადამიანებიც, რომლებიც შეიძლება არც კი არიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, შეიძლება პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც იყვნენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ კანონი უნდა კანონობდეს, არ შეიძლება ხელისუფლებამ მოკლას, მით უმეტეს ასეთ წამების პირობებში, ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭორვილაში, სააკაშვილის მხარდამჭერებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.