არაბი ჩე-გევარა - მუამარ კადაფი, ადამიანი სისხლიანი ხელებით
ისტორიას ქმნიან ადამიანები, პერსონები, რომლებიც ხშირად საკუთარ ინტერესებს უკავშირებენ ქვეყნისას და/ან პირიქით. დღეს გაგაცნობთ ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფს, რომელიც ქვეყანას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მართავდა.
2011 წელს მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული. ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ალბათ მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მასშტაბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საპროტესტო ტალღამ სწრაფად გადაუარა ტუნისსა და ეგვიპტეს, შემდეგ იემენს, ბაჰრეინსა და ლიბიას, საბოლოოდ კი სირიას. სხვადასხვა სახის საპროტესტო ტალღა იყო თითოეულ ქვეყანაში, რამაც შესაბამისი შედეგებიც გამოიღო. თუმცა ყველაზე დრამატულად მოვლენები ლიბიაში წარიმართა. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი გახლდათ თავად ლიბიის პრეზიდენტის, მუამარ ვეტილებას მუჰამად ალ-კადაფის პიროვნება. სწორედ ამ მიზეზების გამო ჩავთვალე მნიშვნელოვნად თვალი გადამევლო ამ ქვეყნის წარსულისა და ახლანდელი მდგომარეობისათვის.
„მე უბრალო ბედუინი, დავდიოდი ვირით და ფეხშიშველი ვმწყემსავდი თხებს. ცხოვრება განვლიე ისეთივე უბრალო ხალხთან, როგორიც ვიყავი მე”, - აი ამ სიტყვებით იწყებს მუამარ კადაფი თავის “მწვანე წიგნს”.
მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სალამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფი 1942 წლის 7 ივნისს ლიბიის პატარა ქალაქ სირტის სიახლოვეს უდაბნოში, ბედუინის კარავში დაიბადა. მისი მშობლები ბერბერთა ტომიდან იყვნენ. მამამისი იყო მუჰამედ აბდულ სალამ იბნ მოჰამედ ალ კადაფი, ცნობილია როგორც აბუ მენიარი (გარდაიცვალა 1985 წელს), დედა კი აიშა კადაფი.
კადაფმა დაწყებითი განათლება ვაჟთა მუსლიმურ სასწავლებელში მიიღო. საშუალო განათლება კი კერძო მასწავლებლის ზედამხედველობით _ ქალაქ მისურატაში. 9 წლის კადაფი მივიდა დაწყებით სკოლაში და დაამთავრა 4 წელიწადში, ამის შემდეგ ის სწავლობდა ქალაქ სებხის საშუალო სკოლაში. ის იყო პირველი თავის ოჯახში ვინც მიიღო საშუალო განათლება. კადაფი ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას ანტი სახელისუფლებო დემონსტრაციისათვის, რის გამოც ბოლოს და ბოლოს, როგორც ამტკიცებენ ბიოგრაფები იგი გარიცხეს სკოლიდან. სკოლის შემდეგ კადაფმა მიიღო, უმაღლესი განათლება, რის შესახებაც ცნობები ცოტა არ იყოს ურთიერთგამომრიცხავია. ერთ-ერთი ცნობით 1959 წელს კადაფმა ჩააბარა უნივერსიტეტში, სადაც 1964 წელს მიიღო იურისტის დიპლომი. ზოგიერთი ცნობებით კი, მუამარი ბენგაზიში ლიბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 1961 წელს სამხედრო აკადემიაშიც განაგრძო სწავლა. მიუხედავად თავისი პოლიტიკური საქმიანობისა, სწავლის წლებში კადაფის ჰქონდა რეპუტაცია სანიმუშო სტუდენტისა.
გამორჩეულმა ოფიცერმა, რამდენიმე არაბ ოფიცერთან ერთად ინგლისის სამეფო სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა კერძოდ კი “სტაფის” კოლეჯში. მან ბრიტანულ სამხედრო კოლეჯში 10 თვე დაჰყო. ერთ-ერთი წყაროს ცნობით კადაფი ინგლისში სწავლობდა ბრონირებული ტანკების საქმეს. დიდი ბრიტანეთის შემდეგ, კადაფმა სწავლა განაგრძო ათენში, იქაც სამხედრო აკადემიაში.
მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ და მისმა გამარჯვებებმა არაბულ სამყაროზე.
1969 წლის 1 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 27 წლის მუამარ მუჰამად ალ-კადაფი ხელისუფლების სათავეში მოვიდა. მომენტი სათანადოდ იყო შერჩეული. ლიბიის მეფე იდრის I სამკურნალოდ იმყოფებოდა თურქეთში. სწორედ ამ დროს აიღო ამბოხებულთა მცირე ჯგუფმა (რომელიც სულ რამდენიმე ოფიცრისგან შედგებოდა) სამეფო სასახლე ტრიპოლში და ქვეყანაში ახალი წესრიგის დამყარების შესახებ გამოაცხადა. ლიბიის მონარქს კარგი ურთიერთობა ჰქონდა კადაფის სათაყვანებელ გამალ აბდელ ნასერთან. მართლაც, მკურნალობის დასრულების შემდეგ იდრისმა თავი შეაფარა ეგვიპტეს. ლიბიის სახალხო სასამართლომ 1971 წლის ნოემბერში იდრის I-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა ლიბიის პირველი და უკანასკნელი მეფე 1983 წელს, ღრმა მოხუცებული 94 წლის ასაკში გარდაიცვალა კაიროში. ლიბიის ყოფილი მონარქი არაბთა ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პანთეონში, საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში ჯანათ ალ-ბაყის მეჩეთში დაკრძალეს. მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლით კი ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა.
1969 წელს, როდესაც პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი მოვიდა ძალაუფლებაში, ლიბიაში შემორჩენილი იყო 100 ებრაელი. მისი მმართველობის ქვეშ, ყველა ებრაელის ქონებას გაუკეთეს კონფისკაცია, სახელმწიფოს ვალები ებრაელთა მიმართ გაუქმებულ იქნა, ხოლო ემიგრაცია ებრაელთათვის კი არალეგალურად გამოცხადებული. მისი გატარებული ღონისძიებების შედეგად 1974 წლისათვის მხოლოდ 20 ებრაელი ცხოვრობდა ლიბიაში. 2002 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ებრაელი ესმერალდა მეგნაგი რითაც დასრულდა ებრაელობის გრძელი ისტორია ლიბიაში.
2004 წელს კადაფი გამოვიდა ინიციატივით ლიბიის მთავრობის წინაშე ებრაელთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ, რომელთაც მისი ღონისძიებების შედეგად მოუწიათ ლიბიის დატოვება. ამავე წლის ოქტომბერში ის შეხვდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომპენსაციებზე სადისკუსიოდ. მან თავისი მაინც გაიტანა და მიაღწია იმას, რომ ის ებრაელები რომლებმაც დატოვეს ლიბია და გადასახლდნენ ისრაელში, ვერ მიიღებდნენ კომპენსაციებს. არსებობს ეჭვები, რომ ეს “მოძრაობები” მოტივირებული არის მისი შვილის საიფ-ისლამ ალ-კადაფის პერსონის გამო, რომელიც განიხილება კადაფის მემკვიდრედ. ამავე წელს საიფმა დაბრუნებისკენ მოუწოდა ყველა განდევნილ ებრაელს და განაცხადა, რომ ის ებრაელები, რომლებმაც იძულებით დატოვეს ლიბია არიან ებრაელები. 9 დეკემბერს, კადაფმა ტრიპოლში დაპატიჟა ქნესეთის სპიკერი მოშე კალონი.
კადაფის მთავარი ოცნება პანარაბული სახელმწიფოს შექმნა იყო. კადაფის პოლიტიკური აზროვნება ფორმირდებოდა, ეგვიპტელი ლიდერის სოციალისტისა და პანარაბისტის ნასერის ზეგავლენით. ნაწილობრივ ჟურნალისტები მიუთითებენ ნასერის ნაშრომზე “რევოლუციის ფილოსოფია”, როგორც წყარო, ახალგაზრდა კადაფის აღმაფრენისა. მას მიაჩნდა, რომ ისლამური სოციალიზმი არაბთა ხსნის ერთადერთი გზა იყო. სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს ნასერის იდეებს, მაგრამ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავზე ნასერი მოკლეს. ამის შემდეგ კადაფმა გადაწყვიტა არაბული სამყაროს ლიდერობა საკუთარ თავზე აეღო. 1972 წელს მან არაბული ქვეყნების ფედერაციის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელშიც ლიბია, ეგვიპტე და სირია უნდა შესულიყვნენ, მაგრამ ამ ჩანაფიქრმა მარცხი განიცადა. მხოლოდ 1974 წელს მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება ტუნისთან, რომელსაც ქვეყანათა შორის პოზიციათა შეუთანხმებლობის გამო რეალურად არც უმუშავია.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კადაფმა ქვეყანაში ახალი წესრიგის დამყარება დაიწყო, რომელიც ქვეყნის მოსახელეობის სრულ კონტროლს გულისხმობდა. როგორც აღმოჩნდა, ევროპაში მიღებული განათლება სულაც არ ნიშნავდა კადაფის დასავლურ ღირებულებებთან ზიარებას. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით ლიბიის მოსახლეობის 20%, რომელნიც დასაქმებულენი არიან სკოლებში, ქარხნებსა თუ სხვა დაწესებულებებში, კოლეგებს ასმენს. ერთგვარი “შპიონაჟის” სისტემის შექმნით კადაფი იმედოვნებდა, რომ მის ძალაუფლებას საფუძველი არასოდეს შეერყეოდა, მისი იმედები გამართლდა კიდევაც, მან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა პოსტი.
სტატიის ავტორი ლუკა კარკაძე, ისტორიკოსი, ეთნოლოგი