ევროპა და აფრიკა ერთმანეთს წყალქვეშა მეგა გვირაბით დაუკავშირდება
გიბრალტარის სრუტის ქვეშ სარკინიგზო გვირაბი აშენდება, რომელიც მაროკოს ესპანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას The Olive Press ავრცელებს.
ესპანეთის მთავრობის დაკვეთით, გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ სრუტის ქვეშ გვირაბის გაყვანა თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია. ესპანეთის ხელისუფლებამ სპეციალისტებს მომავალი წლის ბოლომდე პროექტის გეგმის შემუშავება დაავალა, რომ მთავრობამ პროექტი 2027 წლისთვის დაამტკიცოს.
14-კილომეტრიანი გიბრალტარის სრუტის ქვეშ გვირაბის მშენებლობა “ევროგვირაბის” სქემას გაიმეორებს, რომელიც დიდ ბრიტანეთს საფრანგეთთან ლა-მანშის სრუტის გავლით აკავშირებს.
გეგმის მიხედვით, ეს ცალმხრივი მოძრაობის ორმაგი გვირაბი იქნება. მისი შესასვლელი და გასასვლელი წერტილები კადისის პროვინციის პუნტა-პალომაში და ტანჟერის ახლომდებარე კონცხ მალაბატაში მოეწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვირაბი სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილზე კი არა, არამედ მის დასავლეთით გაივლის. გვირაბის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 42 კილომეტრი იქნება, საიდანაც, თითქმის, 28 კილომეტრი წყლის ქვეშ გაივლის, ხოლო მისი მაქსიმალური სიღრმე 470 მეტრს გადააჭარბებს, რაც “ევროგვირაბზე” უფრო ღრმაა.
არსებული შეფასებით, ამ გვირაბით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადატანას მხოლოდ ოცდაათ წუთამდე დასჭირდება.
აფრიკამდე გვირაბის მშენებლობის იდეა ესპანეთში 1970-იანი წლებიდან განიხილება. მას ესპანელი პოლიტიკოსები პერიოდულად თავიანთი საარჩევნო კამპანიის დროსაც ახმიანებენ. საკითხი მთავრობის პროგრამებშიც კი შევიდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
თუ პროექტი დამტკიცდება, მიწაზე მოსამზადებელი სამუშაოები შესაძლოა, უკვე 2030 წელს დაიწყოს, ხოლო მშენებლობის ძირითად ეტაპს 2035-2040 წლები შეადგენდეს. თუმცა ეს თარიღი წინასწარია.
პროექტის სავარაუდო ღირებულება, მინიმუმ, 15 მლრდ ევროა, საიდანაც 8.5-9 მლრდ ევროს ესპანეთი, ხოლო დანარჩენს მაროკო გამოყოფს.