თეგებით ძიება

"მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე...ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა?" - რას წერს ლაზარე გრიგორიადისის მამა?

მარტში, თბილისში გამართული აქციების მონაწილის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ შვილის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

"როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, უფრო და უფრო რაც დრო გადის, გული მეწვის, მე არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში. იტყვიან: სხვას შვილები უკვდებიან და შენ ცოცხალი მაინც გყავსო და მალე გამოუშვებენო, ბევრი მამხნევებს. არა, ხალხნო, მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე ის მოვავლინე იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს, ყოველთვის შეგვეძლო ევროპაში გადაცხოვრება, მაგრამ არა საქართველოში დავრჩით, იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო საქართველო. აი, ახლა კიდევ მეტყვიან: აი, შენი საყვარელი საქართველომ გაგიმწარა თუ არა ცხოვრებაო? როგორ ფიქრობთ, ხალხნო, საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა? ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები", - წერს ბექა გრიგორიადისი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა