როგორ გავიუმჯობესოთ კარმა?
კარმა – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა ინდუიზმის და ბუდიზმის ფილოსოფიაში.
კარმა – ეს არის სამყაროს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის ქმედება მის ბედზე ახდენს გავლენას. რაც ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. ეს აზრი რომ განვავრცოთ, გამოდის, რომ ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ცხოვრებაშია, აგრეთვე, ყველაფერი ცუდიც მასში თავად მოვიზიდეთ.
როგორ განსაზღვრავს კარმა ადამიანის ბედს?
თავისი ქმედებებით ადამიანს შეუძლია შექმნას როგორც დადებითი კარმა (ე. წ. აკარმა), ისე ვიკარმა – დამანგრეველი კარმა, რომელსაც იგი უბედურებებისა და ცუდი ამბებისკენ მიჰყავს. ეს ენერგია თანდათანობით გროვდება და ადამიანის ბედზე, მის მომავალ ქმედებებსა და საქციელზე გავლენის მოხდენას იწყებს. და აქ ძალაში შედის ე. წ. დომინოს პრინციპი – რაც უფრო მეტი კარგი საქციელი ჩაიდინეთ, უფრო ადვილად შეძლებთ მომავალშიც გარშემო მყოფებს სიკეთე გაუკეთოთ. ეს წესი საწინააღმდეგო მხარითაც მოქმედებს.
რა აზიანებს კარმას?
მიიჩნევა, რომ ადამიანის ყოველი ცუდი საქციელი ნეგატიურ კარმულ ენერგიას ქმნის, რომელიც ადრე თუ გვიან მასვე დაუბრუნდება. თუმცა, გავრცელებული რწმენის თანახმად, კარმას ზიანს აყენებს არა მარტო ქმედებები, რომლებიც სხვა ადამიანების შეურაცხყოფისკენ, წყენინებისკენ, ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული. ჩვენი ნეგატიური აზრები და შეხედულებებიც კარმაზე აისახება. ამრიგად, სამყაროს კანონის თანახმად, გარშემო მყოფებისთვის ზიანის მიყენებით და ნეგატიური აზრებისა და წესების მორჩილებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს.
შესაძლებელია თუ არა კარმის გაწმენდა?
„კარმის გაწმენდა“ არც ისე მართებული სინტაგმაა, რადგანაც ჩვენ წარსულის გამოსწორება არ შეგვიძლია. ამის მიუხედავად კარმაზე ზემოქმედება და მისი გაუმჯობესება შესაძლებელია და ამისთვის მედიტაციის პრაქტიკის გარდა კიდევ რამდენიმე საშუალება არსებობს.
მადლიერების პრაქტიკა
მადლიერება – ყველაზე მარტივი პრაქტიკაა, რომელიც კარმის მომენტალურად გაუმჯობესებაში გვეხმარება. ნუ მოგერიდებათ, ხმამაღლა უთხრათ მადლობა გარშემო მყოფებს, გამოხატოთ მადლიერება ყველაფერი კარგისთვის, რაც გაქვთ. დაწერეთ სუფთა ფურცელზე, რას აფასებთ ცხოვრებაში და რისთვის გინდოდათ მადლობა გადაგეხადათ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, ღმერთისთვის და სამყაროსთვის.
გააზრებული ცხოვრების პრაქტიკა
კიდევ ერთი საშუალება კარმის გასაუმჯობესებლად – ეცადეთ, გააზრებულად იცხოვროთ. საუბარია იმაზე, რომ ყურადღება მიაქციოთ საკუთარ აზრებს და ემოციებს, ეცადეთ, დადებით ასპექტებზე მოახდინოთ ფოკუსირება, რათა უფრო მეტი კარგი მომენტი მოიზიდოთ საკუთარ ცხოვრებაში. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ, რა სიტყვებს იყენებთ საუბარში, მეტყველებიდან ამოიღეთ ნეგატიური სიტყვა-პარაზიტები (გინება ყოვლად დაუშვებელია), გამოიყენეთ მეტი დადებითი ფორმულირება.
პატიების პრაქტიკა
ღვარძლი, წყენა და ნეგატიური ემოციები ვიკარმას ქმნის, ამიტომ მათგან უნდა გათავისუფლდეთ. იმათი პატიება, ვინც ცუდი გაგიკეთათ, კარმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ბუდიზმის ფილოსოფიაში პატიება – ყველაზე მარტივი გზაა ტანჯვისგან გასათავისუფლებლად და სიმშვიდის მოსაპოვებლად.
სიყვარულის განცდა
სიყვარული – ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რომელიც აკარმის შესაქმნელად გვეხმარება, ამასთან, საუბარია არა მხოლოდ ოჯახის წევრების, ახლობელი ადამიანების, მეგობრების, მოყვასის სიყვარულზე, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი საქმისა და მოწოდების სიყვარულზეც.
კეთილი საქმეების ქმნა
დაბოლოს, საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ კარმა გაიუმჯობესოთ – უანგარო სიკეთის კეთებაა. და ამისთვის რაიმე სახის მსხვერპლზე წასვლა, გმირობის ჩადენა ნამდვილად არ გჭირდებათ. უანგარო სიკეთის კეთება ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან, ძალიან ადვილია. მიმოიხედეთ ირგვლივ და თავად დარწმუნდებით.
წყარო: nostal.ge