თეგებით ძიება

"გავშეშდი და ცრემლები წამომივიდა... აი, ესაა ქართველობა, ასეთი ქართველების წყალობით გადარჩა და კიდევ ბევრჯერ გადარჩება საქართველო!" - რა გადახდა ქართველ ემიგრანტს გერმანიაში?

გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ანა მურვანიძე ერთ-ერთ ჯგუფში ემოციურ ისტორიას აზიარებს და თანამემამულეზე წერს, რომელმაც მას უცხო ქვეყანაში საოცარი ემოციები მიანიჭა.

"მთელი დღეა ვფიქრობ მადლობა როგორ გადამეხადა ამ საოცარი ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და გადავწყვიტე, საჯაროდ დავწერო ისტორია, რაც გუშინ გადამხდა. ახლაც არ მჯერა. ამ ადამიანებმა შექმნეს ჩემი დღე და ჩემი გერმანიაში ყოფნის მანძილზე საუკეთესო ემოციები მაჩუქეს.

იმედია, არ მიწყენს, რომ საჯარო მადლობას ვუხდი ანა ცინცაძე ჰარკს (Anna Tsintsadze Harke). საოცარო ადამიანო, უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის! 

ქუჩაში მოვდიოდი, როდესაც დავინახე გოგო აივანზე სარეცხს ფენდა და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან არასდროს მინახავს გერმანელები აივანზე ფენდნენ სარეცხს, მუსიკა ჰქონდა ჩართული თან საკმაოდ ხმამაღალზე და მღეროდა, რაც კიდევ უფრო უცნაურად მომეჩვენა გერმანელის კვალობაზე. როდესაც იმ მანძილზე მივუახლოვდი, რომ მუსიკა და ტექსტი გავარჩიე, მეგონა მეჩვენებოდა, ქართულად მღეროდა საოცარ სიმღერას. გავშეშდი და ცრემლები წამომივიდა, ასე ვიდექი აივნის ძირში შეყვარებულივით, ოღონდ მე კი არ ვუმღეროდი აივანზე ვინმეს, აივნიდან მიმღეროდნენ, არასდროს დამავიწყდება ეს ემოციები, სულში ჩამეღვარა ქართული სიმღერა და სიტყვები, ისე იმოქმედა მგონი, წნევამ ამიწია. იმდენ ხანს ვიდექი ასე, შემამჩნია და გამარჯობაო მითხრა, ეს კიდევ მორიგი შოკი იყო. სახლში მიმიპატიჟა კარგი ნაცნობივით, გავოგნდი, მაგრამ ავედი მაინც და არც ვნანობ.  დატრიალდა, თავისი გაკეთებული ხინკალი შემიბრაწა, გესიამოვნებაო, ძველი არ გეგონოს, გუშინ გავამზადე და ცივი რომაა შეგიწვავო, ასეთი შინაურული და თბილი ადამიანი დიდი ხანია არ შემხვედრია. აბა, იქ მეუღლე დატრიალდა ბურგერები გააკეთა თავისი ხელით, უგემრიელესი,  ქართული ღვინო ამოიტანა სარდაფიდან და მე შოკირებული ვზივარ სკამზე ვერ ვიძვრი. მეუღლე გერმანელი იყო, მაგრამ არც ასეთი გერმანელი მინახავს ამხელა გერმანიაში. გააქართველა, მგონი, ჩვენმა ქართველმა ქალმა და ქართული სიტყვებიც ბლომად იცოდა. შვილი ყავთ უსაყვარლესი და რაც ძალიან გამიკვირდა და მესიამოვნა, თავისი გვარიც, ქართული გვარი მიუცია ბავშვისთვის და ქართულად ესაუბრებოდა სულ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ახლაც ამ ადამიანებთან ურთიერთობის  სიამოვნებისგან გაღიმებული დავდივარ. ყველა სიკეთესთან ერთად, იურისტი აღმოჩნდა და ჩემს სამართლებრივ  საკითხზე ისეთი კონსულტაცია გამიწია და დამეხმარა, არ ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო. საბუთები გამომიგზავნე და უფრო დეტალურად გეტყვი ყველაფერსო. 

კიდევ იმდენი რამის დაწერა მინდა, იმ მცირე დროში ასე როგორ მოახერხა და გადამყვა ზედ ვერც მივხვდი ან რატომ. ამბის დაგვირგვინება ის იყო, სახლში რომ ფეხით არ გამიშვა და მეუღლეს მანქანით მიაყვანინა ჩემი თავი სახლის კარამდე. არც პირველი ქართველი ვყოფილვარ მათ სახლში, არაერთს დახმარებია და ეხმარება თურმე, როგორც იურისტი თუ სხვა რამით როგორც შეუძლია. საოცარია, არ მჯეროდა, რომ ასეთი ადამიანები კიდევ არსებობდნენ.

 სიტყვები ზედმეტია უბრალოდ და მადლობა არასაკმარისი. მინდა, ყველა იცნობდეს ამ არაჩვეულებრივ ქართველ ქალს, რომელმაც პატარა საქართველო ჩამოიტანა აქ და გააქართულა თავის გარშემო ყველაფერი. აი, ესაა ქართველობა, აი ასეთი ქართველების წყალობით გადარჩა და კიდევ ბევრჯერ გადარჩება საქართველო! 

მადლობა, მადლობა და უამრავი მადლობა! 

როგორც საუბარში გაირკვა ჩვენი წმინდა პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის შთამომავალი ყოფილა და სხვანაირი ვერც იქნებოდა ეს ადამიანი. 

ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და თქვენს ოჯახს. იხარეთ მრავალჟამიერ!

ეს კი ის სიმღერაა რამაც ამატირა .

 მიყვარხართ კარგო ქართველებო", - წერს ქართველი ემიგრანტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა