თეგებით ძიება

თბილისის მცხეთასთან, ლილოსთან და რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა

თბილისსა და მის შემოგარენში მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train-ის) განვითარებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი გახანგრძლივდა.

ტენდერი 27 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა განახლებული პირობებით, ვადამ 3 აგვისტომდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე გამოცხადებული შესყიდვა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, თავდაპირველად ინტერესთა გამოხატვის ვადად განსაზღვრული 13 ივლისი იყო.

ცნობისთვის, საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა. პროექტი ორგანიზაციის კრედიტით ხორციელდება.

დავალების ძირითადი მიზნებია, ეროვნულ სარკინიგზო ქსელსა და ურბანულ საზოგადოებრივ ტრანსპორტის სისტემებს შორის მულტიმოდალური კავშირის გაუმჯობესება, მგზავრთა მობილობის გაზრდა და რეგიონული ხელმისაწვდომობის გაძლიერება თბილისის შემოგარენში, მდგრადი ურბანული და სატრანსპორტო განვითარების მხარდაჭერა ეროვნული და მუნიციპალური პოლიტიკის ჩარჩოების შესაბამისად და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის შესაფერისი საბანკო მიზანშეწონილობის კვლევის უზრუნველყოფა.

პროექტი ითვალისწინებს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის დერეფნების განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს თბილისის აგლომერაციაში (რუსთავი, მცხეთა, ლილოს აღმოსავლეთით, მარნეული, ფონიჭალა).

„ეს ძირითადად გულისხმობს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს ახალი რკინიგზის მონაკვეთების და/ან შემოვლითი გზების მშენებლობა, მაგალითად, აეროპორტიდან რუსთავის მონაკვეთზე“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

შესყიდვის ღირებულება 393 ათას დოლარს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა