"საბურთალოზე 150 კვ.მ.-ის ბინა რომ იყიდო, შესაძლოა, 300 000 დოლარი დაგჭირდეს"
"საბურთალოზე 150 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა რომ იყიდო, შესაძლოა, მინიმუმ 300 000 დოლარი დაგჭირდეს. ამის ალტერნატივა უკვე კერძო სახლი ხდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელმა, ნინო აბსანძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში ბინების მაღალი ფასების გამო, მყიდველების ინტერესი აქტიურად გადადის ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე.
„ზოგადად, ბაზარზე ინტერესი ძალიან მაღალია. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს მოზრდილი ბინის ყიდვა სჭირდება, მისთვის ალტერნატივა უკვე კერძო სახლია.
საბურთალოზე 150 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა რომ იყიდო, შესაძლოა, მინიმუმ 300 000 დოლარი დაგჭირდეს. აქედან გამომდინარე, ამის ალტერნატივა უკვე კერძო სახლი ხდება.
შესაბამისად, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები, იგივე საგურამო, ლისი (რომელიც პრაქტიკულად ქალაქია, თუმცა, იგულისხმება შედარებით ზედა ტერიტორიები), წავკისი და ოქროყანა ძალიან მოთხოვნადია.
ჯერჯერობით მიწოდება მოთხოვნას პასუხობს და არჩევანიც არის, თუმცა, ბევრი ახალი პროექტიც მზადდება. ჩვენ ჩართული ვართ არაერთი ახალი პროექტის დეველოპმენტის პროცესში და ბაზარზე ბევრი ძალიან საინტერესო ინიციატივა იგეგმება.
ამასთან, რასაც თვალს ვადევნებ, ხდება პროექტების გამსხვილება. უფრო დიდი, უბნური და კომპლექსური ტიპის პროექტები დღეს ბევრად უფრო ხშირად გვხვდება.
ფასების ზრდის დინამიკა მაღალია, მოთხოვნა კერძო სახლებზე და მიწის ნაკვეთებზე დიდი. კვადრატულის ფასი 250-300 დოლარამდე მერყეობს და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ ინტერესს ვხედავთ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ნინო აბსანძემ.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.9%-ი შეადგინა. მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 63.8%-ით არის გაზრდილი.