2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა - შსს
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.
დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა.
რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 - ბიჭს და 2 - გოგოს.